რელიგიური გამოწვევები აჭარაში
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი როინ მეტრეველი) გაფართოებული სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომაზე წარმოდგენილი იყო პროფესორის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის მიხეილ მახარაძის მოხსენება – „რელიგიური გამოწვევები აჭარაში“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ – საქართველოში ისლამის პრობლემებმა მწვავედ იჩინა თავი გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობა დაიწყო. აჭარაში ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვა, რაც ზოგადად ასე გამოიხატა; თუკი საქართველო სსრკ-ის შემადგენლობიდან გამოვა, მაშინ ისლამს აჭარაში საფრთხე შეექმნება. მოხდა პირიქით: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველსავე წლებში აშენდა, გარემონტდა და ფუნქციონირება დაიწყო აჭარში დღეს მოქმედი მეჩეთების აბსოლუტურმა უმრავლესობამ.
1991 წლის გაზაფხულზე გაცხადდა ხულოში ქრისტიანული სასულიერო სასწავლებლის გახსნის იდეა, რასაც ადგილზე დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა.
ამჟამად განსჯისა და ცხარე დისკუსიის საგანია ახალი მეჩეთის აშენება ბათუმში.
აქვე შესასწავლი და ყურადღება მისაქცევია მეჩეთების მშენებლობის დაფინანსებასა და სოფლის იმამების ხელფასების ანაზღაურებაში გარე ძალების მონაწილეობის საკითხი.
როგორც ადრე, ისე ახლა, რელიგია , ხელოვნება და სპორტი პოლიტიკის სამსახურშია ჩაყენებული. ამ მიმართებით გამონაკლისი არც ისლამის ფაქტორია აჭარაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად გამართლებულია საქართველოს ხელისუფლების ცვლის პარაელელურად მუფტის ავტომატური შეცვლა და ხომ არ ნიშნავს ეს აჭარში რელიგიის ზედმეტად პოლიტიზირებას?
ამასთან, მედრესეებსა და ყურანსკოლებშია აღზრდილი ქართველი ახალგაზრდები, ახლო მომავალში, ხომ არ იქნება დაკარგული თაობა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საქართველოსთვის.
ისლამი დიდი, მრავალმხრივი და თავისებური კულტურის მატარებელი ფენომენია. ქართველი ხალხი კი, სულ სხვა კულტურასა და ტარდიციებზეა აღზრდილი და ჩამოყალიბებული. ამის გათვალისწინებით რამდენად შეძლებს მისი შედარებით მცირე ნაწილი მუსლიმური „ტვირთის“ აწევას?
რაც მთავარია საკითხი განსჯისთვის: რამდენად შეთავსებადია თხემით ტერფამდე მუსლიმი და ასევე უმაღლეს დონეზე განსწავლული ქართველი ინტელიგენტი? იძლევა კი ამის საფუძველს ისლამი?
მოხსენების დასასრულს გაიმართა კამათი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გიორგი კვესიტაძემ, როინ მეტრეველმა, ჯონი ხეცურიანმა და ნანა ხაზარაძემ.