სამეცნიერო მოხსენება
მიმდინარე წლის 25 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების გაფართოებულ სხდომაზე მოხსენებით „მრავლადწრფივი ძლიერი მაქსიმალური ოპერატორების შესახებ“ წარსდგა პროფესორი ქინგუინგ შუე (პეკინის ნორმალური უნივერსიტეტი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა).
პროფ. შუე პეკინის ნორმალური უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლის ვიცე-დეკანია. ის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ჰარმონიული ანალიზის მიმართულებით, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი რანგის საერთაშორისო ჟურნალებში. ამჯერად პროფ. შუე ხელძვანელობს 3 დოქტორანტსა და ამდენივე მაგისტრანტს.
მოხსენებაში გადმოცემული იყო პროფ. შუეს მიერ თანაავტორებთან ერთად ბოლო პერიოდში მიღებული შედეგები მრავლადწრფივი ძლიერი მაქსიმალური ოპერატორის შემოსაზღვრულობის შესახებ სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეებში. სხვა შედეგებთან ერთად გადმოცემული იყო წონიანი უტოლობების კრიტერიუმები აღნიშნული ოპერატორებისათვის. მომხსენებელმა მიმოიხილა სხვა მათემატიკოსების (მათ შორის აკადემიკოს ვ. კოკილაშვილისა და აკადემიის სტიპენდიატის ა. მესხის) შედეგებიც მრავლადწრფივი ოპერატორების ასახვის თვისებების შესახებ წონიან სივრცეებში.