საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი II
მიმდინარე წლის 27-28 სექტემბერს გაიმართება რიგით მეორე საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. სხდომები გაიმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონგრესის მიზანია ქართველი და უცხოელი ქართველოლოგების კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია, წინა კონგრესის შემდგომ განვლილი პერიოდის მიღწევების წარმოჩენა და სამომავლო ამოცანების დასახვა. კონგრესზე ფართოდაა წარმოდგენილი ქართველოლოგიის ყველა ძირითადი მიმართულება (ქართული ენა, ლიტერატურა, საქრთველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ქართული ხელოვნების ისტორია), რაც თავისთავად მეტყველებს მის საეტაპო მნიშვნელობაზე.
ამასვე მოწმობს კონგრესის წარმომადგენლობითი ხასიათი, სადაც ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებით წარსდგებიან აშშ-ის(მასაჩუსეტსი),დიდი ბრიტანეთის (ლონდონი), გერმანიის (ბერლინი), საფრანგეთის (პარიზი), იტალიის (ვენეცია), შვედეთის (მალმო), სლოვაკეთის(ბანსკა-ბისტრიცა),რუსეთის ფედერაციის (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სოჩი, დონის როსტოვი, გროზნი, მაგასი), იაპონიის (ტოკიო), ისრაელის (იერუსალიმი), აზერბაიჯანის (ბაქო) წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების სახელმოხვეჭილი სწავლულები. ეს ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას იძლევა სამამულო და საზღვაგარეთული ქართველოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
კონგრესის სამუშაო პროგრამისა და მოხსენებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის ვებგვერდზე:WWW.science.org.ge