რატომ არის საქართველო ევროპის ნაწილი

და რატომ არიან ქართველები უძველესი ევროპელები


პირველი გვერდიდან

როგორც ცნობილია, “ევროპა” და “აზია” ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით საერთო კონტინენტს წარმოადგენს და გაერთიანებულია “ევრაზიის” სახელწოდებით. ამ საერთო კონტინენტის დაყოფა “ევროპულ” და “აზიურ” ნაწილებად არსებითად პირობითია, უფრო გეო–პოლიტიკური ფაქტორებით არის შეპირობებული და ძირითადად კულტურულ-ისტორიულ ტრადიციებს ემყარება.

გეოგრაფიული სახელები “ევროპა” და “აზია” ანტიკური სამყაროდან მომდინარეობენ და ძველ ბერძნულ საკუთარ სახელებს წარმოადგენენ, მეტად გავრცელებულს ბერძნულ მითოლოგიაში. ცნობილი ბერძნული მითის მიხედვით, ევროპა იყო ფინიკიელი მეფის ქალიშვილი, რომელიც გაიტაცა ღვთაება ზევსმა, ხარად გარდაქმნილმა, კუნძულ კრეტაზე. აქ მათ ეყოლათ შვილი მინოსი – კუნძულ კრეტის მეფე. მეფე მინოსს უკავშირდება სწორედ კრეტაზე ცნობილი სასახლის-ლაბირინთის-აშენება, ბერძენ გმირ თესევსის ხართან – მინოტავრთან — აქ შებრძოლება და მისი ლაბირინთიდან გამოყვანა არიადნეს ძაფის დახმარებით.

თვით ბერძნული სახელები “ევროპა” და “აზია” სემიტური წარმომავლობის სიტყვებს უკავშირდება, შესაბამისად “საღამოს”, “მზის ჩასვლისა” და “გამოსვლის”, “მზის ამოსვლის” მნიშვნელობებით. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ ევროპა ბერძნულ მითიოლოგიაში სწორედ ფინიკიელი (ე.ი სემიტი) მეფის ქალიშვილი იყო.

ძველი ბერძნებისათვის საზღვარი სამხრეთ ევროპასა და აზიას შორის კოლხურ მდინარე “ფაზისზე” გადიოდა. მდინარე “ფაზისი” გაიგივებულია დღევანდელ “რიონთან”, თუმცა “ფაზისის” სახელწოდებით ბერძნულ სამყაროში სხვა მდინარეებიც აღინიშნებოდა, შესაძლებელია, მდინარე “ჭოროხიც”. ამდენად, “ევროპის” საზღვრად სამხრეთში ტრადიციული წარმოდგენების თანახმად რიონი ან ჭოროხი უნდა მივიჩნიოთ და ზოლი “ევროპასა” და “აზიას” შორის არა კავკასიონის ქედის გასწვრივ გავავლოთ, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით არსებული მდინარეების დინების მიხედვით ვივარაუდოთ.

ამ თვალსაზრისით “კოლხეთიც”, “კოლხეთის სამეფოც” ძველი ბერძნებისათვის მთლიანად ევროპაში იყო მოთავსებული და “ევრაზიული” კონტინენტის საკუთრივ “ევროპულ “ ნაწილს განეკუთვნებოდა. “ზანური” – დღევანდელი მეგრულ-ლაზურის წინაპარი დასავლურ-ქართველური დიალექტი-იყო სწორედ კოლხური სახელმწიფოს ენა, რომელზედაც, როგორც ივარაუდება, მეტყველებდნენ აია-ქვეყნის, ე.ი. “კოლხეთის”, მეფე აიეტი და მისი ქალიშვილი – გრძნეული მედეა. მას აკაკი შანიძე “კოლხურს” უწოდებს. სწორედ აქედან ისესხეს ბერძენმა არგონავტებმა “ტყავის” აღმნიშვნელი კოლხური სიტყვა *ტყოვ - / *ტკოვ – ( შდრ. მეგრ. ტყები, ლაზ. ტკები) ” ოქროს საწმისის” გამოსახატავად

(ბერძ. Kov-), რომლის მოსაპოვებლად ისინი უძველეს ხანაში კოლხეთისკენ გამოემართნენ.

უახლესი გამოკვლევების თანახმად, კოლხური სახელმწიფოებრიობის არსებობა ჩვენ უკვე ძვ. წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნისათვის უნდა ვივარაუდოთ, რამდენადაც მიკენური ეპოქის ბერძნულ წარწერებში (ძვ. წელთაღრიცხვის XV/XIV სს.) დოკუმენტურად დასტურდება მრავალი სახელი, რომლებიც “არგონავტების მითიდან” იყო ჩვენთვის ცნობილი, მათ შორის ისეთი სახელები, როგორიცაა “(ქვეყანა ა ი ა”, კოლხიდა”, “იასონი” და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს და საზოგადოდ სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილი, უძველესი წარმოდგენების მიხედვით, “ევრაზიული” კონტინენტის სწორედ ევროპულ ნაწილში მდებარეობს, განსხვავებით რიონის და ჭოროხის სამხრეთით მდებარე რეგიონებისაგან (ანატოლია, ირანის ზეგანი, მესოპოტამია), რომლებიც, ამავე წარმოდგენების თანახმად, კონტინენტის ”აზიურ” ნაწილს განეკუთვნება და თანამედროვე გეოგრაფიულ ნომენკლატურაში “წინა აზიის” ან “სამხრეთ-დასავლეთ აზიის” სახელწოდებით არის ცნობილი (გერმ. Vorderasien, ინგლ. South West Asia). ამავე არეალს ხშირად “ ახლო აღმოსავლეთს” უწოდებენ (რუს. Ближний Восток, ინგლ. Near East). ამდენად, საქართველო და “სამხრეთ კავკასია” საზოგადოდ უნდა განვიხილოთ ევრაზიული კონტინენტის საკუთრივ ევროპულ ნაწილში მდებარე რეგიონად, რომელსაც გვთავაზობენ, “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა” ვუწოდოთ (რუს. Юго-Восточная Европа, ინგლ. South East Europe), ”სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის” ანალოგიით (რუს. Юго-Восточная Азия, ინგლ. South East Asia). ამიტომ არიან სწორედ ქართველები “უძველესი ევროპელები”, შედარებით დასავლეთევროპელებთან, რომლებიც ამ ხანაში ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსულნი საისტორიო ასპარეზზე.

ამგვარად, “ევრაზიული” კონტინენტის ევროპული ნაწილი შედგება “დასავლეთ ევროპის”, “აღმოსავლეთ ევროპისა” (საზღვრებით ურალის მთებისა და კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ) და “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისაგან, რომელშიც შედის საქართველო და “სამხრეთ კავკასიის” ანუ “ამიერ-კავკასიის” სხვა ქვეყნები (გეოპოლიტიკური ტერმინი “სამხრეთ კავკასია, “Южный Кавказ,” ინგლ. “South Caucasus”, გერმ. “Südkaukasus” ჩვენს მიერ იყო შემოთავაზებული ათიოდე წლის წინათ “Закавказие” – “Transcaucasia” ტერმინების ნაცვლად და ამჟამად საყოველთაოდ გავრცელებული ჩანს.)

მაგრამ თანამედროვე გეოპოლიტიკური ნომენკლატურის თანახმად რომელიც პრინციპში “ცივი ომის” პერიოდში იყო შემუშავებული, ტერმინი “აღმოსავლეთ ევროპა” მოიცავდა სახელმწიფოებს, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირს დასავლეთიდან ესაზღვრებოდა; ეს იყო პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და აგრეთვე ევროპის სხვა სახელმწიფოები, რომლებიც “ვარშავის ბლოკში” იყვნენ გაერთიანებულნი და “ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს” უპირისპირდებოდნენ; ბალკანეთის სახელმწიფოები ამასთანავე სწორედ “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპად” იწოდებოდნენ.

ცივი ომის პერიოდიდან ნაანდერძევი ეს გეოპოლიტიკური ნომენკლატურა თანამედროვე მსოფლიო წესრიგის პირობებში ჩვენს გეოპოლიტიკურ სინამდვილესთან აშკარად შეუსაბამოა და გადასინჯვას საჭიროებს.

კერძოდ, სრულიად უდავოა, რომ ის რაც, “აღმოსავლეთ ევროპად” იწოდებოდა, უნდა განიხილებოდეს გეოგრაფიულად როგორც “ცენტრალური ევროპა”, ხოლო ამ ცენტრალური ზონის დასავლეთით და აღმოსავლეთით (ვიდრე ურალის ქედამდე) მდებარე რეგიონები, შესაბამისად, როგორც “დასავლეთ” და “აღმოსავლეთ ევროპა”. ეს უკანასკნელი არეალი (ე.ი. “აღმოსავლეთ ევროპა”) დღევანდელი რუსეთის ფედერაციის მთელ დასავლურ ნაწილს მოიცავს ვიდრე ურალის ქედამდე, ხოლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ამჟამად დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოები (ბელორუსი, უკრაინა, მოლდოვა, აგრეთვე ბალტიისპირა რესპუბლიკები) ევროპის “ცენტრალურ ზონაში” განლაგდება. ამ თვალსაზრისით “ჩრდილოეთ კავკასია” მთლიანად ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში შედის, ხოლო “სამხრეთ კავკასია” (“ამიერკავკასია”) კავკასიონის ქედს აქეთ “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში” აღმოჩნდება. ამდენად ამ თვალსაზრისითაც სავსებით ბუნებრივია მთელ სამხრეთკავკასიურ არეალს “სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა” ეწოდოს.

თანამედროვე ევროპის გეოპოლიტიკური ნომენკლატურის ეს საკითხები უნდა დადგეს ოფიციალურად საერთაშორისო ევროპული სტრუქტურების წინაშე და სათანადოდ გადაწყდეს არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.

მეტად საგულისხმოა, რომ ბრიუსელში, ევროკავშირში, ჩვენი საპარლამენტო დელეგაციისათვის გადმოცემულ ევროპის ერთ-ერთ ძველ იტალიურ რუკაზე (1575 წლისა, იხ. A1 გვ.) საქართველო სწორედ ევროპის ნაწილად არის ჩათვლილი და კონტინენტის იმ რეგიონში მოთავსებული, რომელსაც დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას ვუწოდებთ.

ამ თვალსაზრისით, საქართველოს ევროსაბჭოში შესვლა არსებითად დადასტურება გამოდის იმისა, რომ ქართული სახელმწიფო გეოგრაფიულად ყოველთვის ევრაზიული კონტინეტის ევროპულ ნაწილს განეკუთვნებოდა. საქართველოს ამ საბჭოში გაწევრიანება ერთგვარად ჩვენი ტრადიციული “ევროპულობის” აღიარებაა. სწორედ ამას უნდა გულისხმობდეს ზურაბ ჟვანიას მიერ “ევროსაბჭოში” ნათქვამი სიტყვები: “ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”, ამასთან დაკავშირებით სავსებით კანონზომიერად უნდა დადგეს აგრეთვე საკითხი საქართველოსა და სხვა სამხრეთ კავკასიური ქვეყნების, როგორც ევროპული სახელმწიფოების”, “ევროგაერთიანებაში” შესაძლო მიღების კანონზომიერების შესახებ.

მაგრამ რამდენად “წმინდა ევროპულია” თვით ქართული კულტურა და ქართული ცივილიზაცია? რომელ სამყაროს განეკუთვნება საქართველო. კულტურულ-ისტორიულად – “დასავლურს” თუ “აღმოსავლურს”, როგორ კულტურულ-ისტორიულ კავშირებს ავლენს ქართული სახელმწიფოებრიობა თავისი სამიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე?

რამდენადაც საქართველო მდებარეობს ევროპის უკიდურესად სამხრეთ-აღმოსავლურ ნაწილში და კონტინენტის “აზიურ” ნაწილს ესაზღვრება, ბუნებრივია ქართული კულტურა და ცივილიზაცია სწორედ დასავლურ-აღმოსავლური კულტურების სინთეზსა და სიმბიოზს წარმოადგენდეს, აღმოცენებულს ამ კულტურათა შერწყმისა და შერევის შედეგად.

ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის აკვნად სამართლიანად ანტიკური ბერძნული კულტურა და ცივილიზაცია ითვლება. თვით ეს ბერძნული, “ელინური” კულტურა მჭიდროდ არის დაკავშირებული თავისი ფესვებით ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებთან.

ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობების შემდეგ ჩამოყალიბდა ე.წ. “ელინისტური” კულტურა და ცივილიზაცია (გერმანელი მეცნიერის დროიზენის მიერ შემოღებული ტერმინი), რომელიც წარმოადგენდა ბერძნული, “ელინური” კულტურის შერწყმას აღმოსავლურ კულტურულ ტრადიციებთან. ამ პროცესში წინარეისტორიულ ქართულ კულტურულ ტრადიციებსაც გარკვეული წვლილი უნდა შეეტანა. აღმოსავლეთიდან მომდინარე ეს კულტურული იმპულსები და გავლენები დასავლურ კულტურასა და ცივილიზაციაზე აისახება სწორედ ცნობილ ლათინურ სენტენციაში – Ex Oriente Lux – “სინათლე აღმოსავლეთიდან მოდის”. ამ სიმბიოზური “ელინისტური” კულტურის შერწყმით აღმოსავლურ ქრისტიანობასთან იქმნება ბიზანტიური კულტურული ტრადიციები, რომლის სფეროში შემოდიან აგრეთვე აღმოსავლური ქრისტიანობის არეალში მოქცეული ქვეყნები, მათ შორის ისტორიული საქართველოც. “ელინისტური” კულტურული ტენდენციების საფუძველზე ყალიბდება აღმოსავლური ქრისტიანობის წიაღში ახალი კულტურული ცენტრები, საკუთარი ეროვნული დამწერლობით და აღმოსავლურ-დასავლურ ცივილიზაციაზე დამყარებული ეროვნული კულტურული ტრადიციებით. ამაშია სწორედ ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის უნიკალურობა და განუმეორებლობა, ამაში მდგომარეობს მისი მომხიბვლელობა როგორც დასავლეთისათვის, ისე აღმოსავლეთისათვის. საქართველო იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ კულტურულ ცენტრად, რომელმაც თავისი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მანძილზე მრავალი აღმავლობა და დაცემა განიცადა, სანამ იგი დღემდე როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო მოაღწევდა.

დღეს უნიკალური შანსი გვეძლევა ამ კულტურის მსოფლიოში გაცხადებისა და დემონსტრირების, და ეს შესაძლებლობა ღირსეულად უნდა გამოვიყენოთ.

ისტორიამ განსაზღვრა ისე, რომ საქართველოში სათავეში მოვიდენენ პოლიტიკური ძალები, რომელთაც ქართული სახელმწიფო სრული საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანეს და უპირატესად დასავლური ორიენტაციის წყალობით იგი ფართო საერთასორისო ასპარეზზე გაიყვანეს. ამას პირველ რიგში ხელი შეუწყო საქართველო და მთელი სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე, კონტინენტის აზიური და ევროპული ნაწილების გამაერთიანებელმა რეგიონმა. თავის დროზე წამოყენებულ იქნა იდეა საქართველოს გადაქცევისა აღმოსავლეთ-დასავლეთის გამაერთიანებელ ძირითად არტერიად, ძირითად გზად და დერეფნად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

ამ ფუნქციას ისტორიულად, როგორც ცნობილია, ასრულებდა “დიდი აბრეშუმის გზა”, რომლითაც სხვა საქონელთან და ნაწარმთან ერთად აღმოსავლეთიდან დასავლეთში უპირატესად ჩინური აბრეშუმი შედიოდა. დადგა საკითხი სწორედ ამ “დიდი აბრეშუმის გზის” გაცოცხლებისა და აღორძინების.

ტერმინი “აბრეშუმის გზა” XIX საუკუნის ბოლოს გერმანულ მეცნიერებაში შეიქმნა და იხმარებოდა ჩინეთიდან დასავლეთისკენ უძველესი სავაჭრო გზის აღსანიშნავად; აბრეშუმი ძველად დასავლეთში ჩინეთიდან შემოტანილი ყველაზე ფასეული ქსოვილი და ერთ-ერთი უძვირფასესი ნაწარმი იყო, და ისევე როგორც ნავთობი დღეს, აბრეშუმი იყო არა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო საქონელი, არამედ ერთ-ერთი ძირითადი საგადასახადო საშუალება მთელ აღმოსავლეთში.

ამდენად, ისტორიულად სავსებით გამართლებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი სავაჭრო და სატრანზიტო გზის მეტაფორულად “აბრეშუმის გზის” სახელით წოდება. მაგრამ თუ ისტორიული “დიდი აბრეშუმის გზა” საქართველოს მნიშვნელოვნად უფრო სამხრეთით გადიოდა და მხოლოდ რაღაც პერიფერიული შტო თუ შემოდიოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დღეს საქართველოზე “ახალი აბრეშუმის გზის” სწორედ ძირითადი არტერია გაივლის; საქართველო დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი რეგიონის ცენტრშია მოქცეული. შესაძლოა, უფრო გამართლებული იქნებოდა ლაპარაკი არა ისტორიული “დიდი აბრეშუმის გზის” აღდგენისა და გაცოცხლების შესახებ, არამედ “ახალი აბრეშუმის გზის” შექმნაზე, რომლის ძირითადი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი არტერია სწორედ საქართველოზე გაივლის, რაც სავსებით შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მისიას დასავლურ-აღმოსავლური ცივილიზაციებისა და ნაკადების კულტურული შერწყმისა და გაერთიანების.

ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო დიდი გოეთეს სიტყვები “დასავლურ-აღმოსავლური დივანიდან”:



“Wer sich selbst und andre kennt,

Wird auch hier erkennen,

Orient und Okzident

Sind nicht mehr zu trennen”





“ვინც თავისი თავი და სხვანი შეიცნო,

აქ იმასაც შეიმეცნებს,

რომ აღმოსავლეთ-დასავლეთი

ერთმანეთს

აღარ უნდა დავაცილოთ”.











თებერვლიდან “24 საათი” ინგლისურად.

English newspaper 24 Hours, coming out from February







გამოწერით

On subscription basis





e-mail:public@24hours.ge

Tel: 20 24 24 Fax: 20 24 25