აკადემიას მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს - აკად. თამაზ გამყრელიძე


გუშინ შედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აკადემიკოსმა ოთარ ნათიშვილმა თავმჯდომარის როლში ფორუმს ორსაკითხიანი დღის წესრიგი შესთავაზა:

1. აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის განცხადების განხილვა აკადემიის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის თაობაზე და 2. აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები.

კრებამ ერთხმად დაამტკიცა დღის წესრიგი (აკადემიის 130 ნამდვილი წევრისა და წევრ-კორესპონდენტიდან ესწრებოდა 108 წევრი).

წინა დღეებში აკადემიის პრეზიდიუმისა და ცხრა განყოფილების სხდომებზე უკვე იყო მსჯელობა პრეზიდენტობის კანდიდატებზე. ყველას პოზიცია ერთსულოვანი აზრით გამოიხატა
პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა თანამედროვეობის გამოჩენილი ენათმეცნიერი, საქართველოსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. კრებამ ასევე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ამ კანდიდატურის შეყვანას საარჩევნო ბიულეტენში:



*   *   *

აკადემიკოს ოთარ ნათიშვილის წინადადებით ამომრჩეველთა სიიდან ამოიღეს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით არმყოფი აკადემიის წევრები, რომელთა ვინაობა დასახელდა. ასევე დასახელდნენ ის წევრები, რომლებიც, ავადმყოფობის მიზეზით, შინ მისცემენ ხმას (რაც არ არღვევს საარჩევნო წესს).

კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე აკადემიის რამდენიმე წევრს ეთხოვა იმდღევანდელი მოვლენის გარშემო აზრის გამოთქმა:

ვახტანგ შამილაძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი:

- რამდენადაც ვიცი, აკადემიური წრეების საერთო განწყობა ისეთია, რომ ბატონი თამაზი არჩეული იქნება პრეზიდენტად.

თამაზ გამყრელიძე სახელგანთქმული მკვლევარია, რომლის სახელი ფართოდაა ცნობილი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებრიობისთვის. იგი ხომ უცხოეთის მრავალი აკადემიის ნამდვილი ან საპატიო წევრია, აგრეთვე არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი. დღეს ჩვენი აკადემიის წინაშე რთული პრობლემები დგას. იმედია, ბატონი თამაზი ხელს შეუწყობს იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებთან მეცნიერული კვლევების შერწყმაზე და საერთოდ ქართული მეცნიერების გადარჩენაზე.

ამასთან, თავისი მაღალი ავტორიტეტით მან უნდა უზრუნველყოს ეროვნული აკადემიის არსებული პოტენციალის შენარჩუნება და ამაღლება, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და საერთოდ საიმედო მომავალი ჩვენს მეცნიერულ ცხოვრებაში. გულით ვუსურვებ ამ მისიაში წარმატებას.

თენგიზ სანაძე, აკადემიკოსი:

- ყველაფრის ქვაკუთხედი არის აკადემიის ინსტიტუტებისა და აკადემიის კორპუსის ერთიანობა. მათი გახლეჩა, რაც, სხვათა შორის, ზოგიერთს მიზნად დაუსახავს, დამღუპველია არა მარტო მეცნიერებისათვის, არამედ ქვეყნისათვის.

მე გავეცანი პრეზიდენტობის კანდიდატის კონცეფციას და მომწონს. მთავარი აზრი სათაურშივეა გამოხატული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია როგორც ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევათა ცენტრი.

მალხაზ ზაალიშვილი, აკადემიკოსი:

- ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას - მეცნიერება არის ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება. თუ ციფრები სწორად მახსოვს, ევროპაში, საშუალოდ, 1000 კაცზე 6 მეცნიერი მოდის (კერძოდ, შვეიცარიაში, 1000 კაცზე - 13), აშშ-ში - 8, იაპონიაში - 9. საქართველოში, ამჟამად, მხოლოდ 2,4. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ახალგაზრდა მკვლევარების დაბრუნებას, ხოლო ქვეყნის შიგნით ახალი კადრების მომზადება, რათა ევროპის სტანდარტებს მივუახლოვდეთ.

მეორე ჩემი მოსაზრება: ზოგიერთ შემთხვევაში არათუ ინსტიტუტების შემცირებაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ, პირიქით, როცა საქმე მოითხოვს, ახალი დარგებისათვის ფართო გზის მიცემაზე - დარგებისათვის, რომლებიც ბოლო ხანებში აღმოცენდა: ნანოტექნოლოგიები, მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა და სხვა. ამიტომ ახალი მძლავრი ერთეულების შექმნას ვისურვებდი როგორც ბუნებისმეტყველი.
 

      ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე აცხადებს კენჭისყრის შედეგებს: სიით 113 ამომრჩევლიდან აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს ხმა მისცა 111 წევრმა (შესანიშნავი შედეგი - ალბათ 99,99 პროცენტი), ერთი ხმა - წინააღმდეგი, ერთი ბიულეტენი - გაუქმდა. ამრიგად, 20 იანვრის 15 საათიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას (მალე, ალბათ, სახელშეცვლილს - «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას») მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს  აკადემიკოსების ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ევგენი ხარაძისა და ალბერტ თავხელიძის შემდეგ - აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

       აკად. თამაზ გამყრელიძემ მადლობა გადაიხადა ასეთი მაღალი პატივისა და ნდობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდება ყველას წინაშე მდგარი რთული ამოცანები.


2005 წ. 10 ივნისი, N136.
 

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
       ...საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ თითქმის ერთხმად
(113 ამომრჩევლიდან წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი) აკადემიის
ხელმძღვანელად აირჩია საერთაშორისო კლასის მეცნიერი, რუსეთის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რამდენიმე უცხოური აკადემიის საპატიო
წევრი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი,
მათ შორის საკავშირო სახელმწიფო პრემიისა, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.
მეცნიერი, რომელიც ფლობს 30 ენას; იგი ცნობილია თავისი დემოკრატიული
შეხედულებებით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროიდან.
       ეს არის ადამიანი, რომელიც არ შეშინდა, საკავშირო კომუნისტური პარტიის
ყრილობის ტრიბუნიდან გამოსულიყო თბილისში მომხდარი მოვლენების
შეფასებით (იგულისხმება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ცნობილი გამოსვლა
სახალხო დეპუტატთა I ყრილობაზე მოსკოვში 1989 წლის 9 აპრილის
ტრაგიკული მოვლენების შესახებ. რედ.). არჩევისთანავე მეცნიერებათა აკადემიიის
პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია
ხელმძღვანელობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, აკადემიის
რეორგანიზაცია, ასევე ზოგიერთი აკადემიური ინსტიტუტის გაერთიანება.
ინსტიტუტების შერწყმა შტატების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ეს
არაპოპულარული ნაბიჯი, თამაზ გამყრელიძის განცხადებით, დროის
მოთხოვნილებაა.
      მთელი რიგი ინსტიტუტების გაერთიანდება, მაგრამ ისინი, როგორც აქამდე
იყო, აკადემიის გამგებლობაში დარჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს
გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ მეცნიერებათა აკადემია უქმდება,
მცდარი გამოდგა. აკადემია არამცთუ არ დაიშალა, პირიქით, მან დაიცვა
თავისი დამოუკიდებლობა, კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი როლი და
მნიშვნელობა, შეძლო დაემტკიცებინა ხელისუფლებისათვის, რომ საჭიროა
მისი საქმიანობისათვის დაფინანსების მომატება. არავითარი ლაპარაკი აღარ
არის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მეცნიერებათა აკადემიის არც განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროში შესვლისა და არც თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან გაერთიანების თაობაზე (რაც ადრე იგეგმებოდა).
     მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს ფორმალურად ამტკიცებს ქვეყნის
პრეზიდენტი. ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით თამაზ გამყრელიძეს პრობლემები
არ ექნება.
     ასეა თუ ისე, მოვლენათა ასეთი განვითარება საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის გამარჯვებაა და გამარჯვება ყველა იმ მეცნიერისა, რომლებიც
მრავალი თვის მანძილზე ხელისუფლების ყველა ეშელონში იცავდნენ აკადემიის
თავისთავადი არსებობის უფლებას დამოუკიდებელი ორგანიზაციის სტატუსით.
 


 џ შესაბამისად «საქართველოს კანონისა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ», აკად. თამაზ გამყრელიძე 2008 წლის 19 ივნისს ხელახლა იქნა არჩეული «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის» პრეზიდენტად აკადემიის საერთო კრებაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (მომხრე 93, წინააღმდეგი 3, გაუქმებული ბიულეტენი 1).

*   *   *