აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი
- ნოემბერი 12, 2026
აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა ქართულმა სამეცნერო საზოგადოებამ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს რომან შაქარიშვილის სახელი კარგად არის ცნობილი ჩვენი ქვეყნის ფართო სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. მუდმივად ნოვატორული მეცნიერული შემართება, მკვლევრის უბადლო გამჭრიახობა, ნეიროსამედიცინო მეცნიერების უნარიანი ორგანიზატორის თვისებები წარმოადგენდნენ იმ მკაფიო მახასიათებლებს, რომლებმაც სამართლიანად მიუჩინა მას საქართველოს კლინიკურ-ნევროლოგიური სამეცნიერო სკოლის უპირობო ლიდერის ადგილი. უაღრესად მნიშვნელოვანია აკადემიკოს რ. შაქარიშვილის როლი ნევროლოგიურ და ნეიროქირურგიულ დარგებში კვლევების მოდერნიზებისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში.
პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც რ. შაქარიშვილი უცვლედად ხელმძღვანელობდა 1989 წლიდან მოყოლებული მთელი 20 წლის განმავლობაში, არაერთგზის იყო აღიარებული საერთაშორისო ნევროლოგიური მეცნიერების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად. აკადემიკოსი რ. შაქარიშვილი მოთავე იყო ჩვენს ქვეყანაში მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულებათა განვითარებისა, მათ შორის, ნერვული სისტემის პეროქსიდაციური პათოლოგიის, ვასკულური ეპილეპტოლოგიის, გერონტოდემენტოლოგიის, კლინიკური ნეიროსომნოლოგიის, ნეიროეპიდემიოლოგიისა და ნეიროგერიატრიისა.
აკადემიკოს რ. შაქარიშვილის ხანგრძლივი აქტიური სამენცნიერო კვლევითი საქმიანობა მოიცავს ნერვული სისტემის კლინიკური პათოლოგიის მრავალ აქტიურ პრობლემას, რომელიც აშუქებს ცერებროვასკულარულ დარღვევათა, თავის ტვინის სიმსივნურ და ანთებით დაავადებათა, ეპილეფსიის, სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული დემენციების პათოფიზიოლოგიის, სემიოლოგიისა და მკურნალობის საკითხებს, აგრეთვე ახლებურად აყალიბებს და განმარტავს სამეცნიერო შეხედულებებს კლინიკურ ფიზიოლოგიაში, ჰემორეოლოგიაში, ნეიროფარმაკოლოგიაში, ნეიროეპიდემიოლოგიასა და სხვ.
1968 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობით დამთავრების შემდეგ, რ. შაქარიშვილმა მუშაობა დაიწყო კლინიკრი და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში (ამჟამად პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი) ჯერ უმცროს, შემდეგ თანმიმდევრობით უფროს მეცნიერ თანამშრომლად, კლინიკრი განყოფილების ხელმძღვანელად, ხოლო 1989 წლიდან კი ინსტიტუტის დირგექტორის თანამდებობაზე.
1974 წელს თსსუ-ში რომან შარიქაშვილმა დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდების მოსაპოვებლად, 1988 წელს კი მოსკოვში, სსრ კავშირის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტში – უკვე სადოქტორო დისერტაცია.
იმავე წელს, ერთობლივი კვლევითი სამუშაოს წარმოების მიზნით, იგი მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადში ა. პოლენოვის სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ, 1980-87 წლებში, სამეცნიერო მივლინებით მოღვაწეობდა ქ. მოსკოვში სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ადამიანის პათოლოგიისა და პათოლოგიური ფიზიოლოგიის ინსტიტუტში.
1993 წელს, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამით, დოქტორი რ. შაქარიშვილი მივლინებული იყო აშშ-ის ქ. ატლანტის ემორის უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტსა და ქ. ბეთესტის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში.
იმავე წელს, დოქტორი რ. შაქარიშვილი აირჩიეს ახლად დაარსებულ თბილისის კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის რექტორად, ხოლო 1996 წელს მისი, სწავლული მედიკოსის, უკვე პროფესორის ძალისხმევით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო ნევროლოგიის მიმართულების კათედრა დაარსდა და პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე, რომლის უცვლელი გამგე იგი სიცოცხლის ბოლომდე იყო.
1996-2003 წლებში იგი პარალელურად მუშაობდა საუნივერსიტეტო კლინიკური მედიცინის ხელმძღვანელად, ასევე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტშიც, რომლის ნევროლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო განათლების პროგრამ-დირექტორი გახლდათ.
1999-2004 წლებში, პროფესორი რ. შაქარშვილი იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი და ამავდროულად ნეირომედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2001-2009 წლებში – პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
აკადემიკოს რ. შაქარიშვილის ნაყოფიერი, დიდი მნიშვნელობის მქონე სამედიცინო მიღწევებით აღსავსე პრაქტიკული, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა, სათანადოდ იყო დაფასებული როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმა. 1995 წელს მას პეტრე სარაჯიშვილის, ხოლო 2010 წელს – ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამეცნიერო პრემიები მიენიჭა. 1996 წელს იგი მეცნიერების დარგში საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა. 1996 წელს რ. შაქარიშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2000 წელს კი – დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო “ორდენით დამსახურებისთვის”, ასევე ივანე ჯავახიშვილის, გრიგოლ მუხაძისა და პეტრე სარაჯიშვილის მედლებით. 1997 წელს ბატონი რომა გახდა მსოფლიოს საუკეთესო ნევროლოგი და „ოქროს აქუჩის“ მფლობელი.
წლების განმავლობაში რ. შაქარიშვილი იყო ხუთი საერთაშორისო პერიოდული გამოცემის სარედაქციო კოლეგიისა და საბჭოს წევრი, ასევე რვა სამამულო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. დასახელებული იყო MARGUIS-სა და Who’s Who-ს საერთაშორისო და “ვინ არის ვინ საქართველოში” გამოცემებში, 1999 წელს კი აშშ-ის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა იგი “წლის ადამიანად” დაასახელა.
სამამულო მედიცინის ნევროლოგიის დარგის გამოჩენილი მკვლევრის, აკადემიკოს რომან შაქარიშვილის კალამს ეკუთვნის ოთხ ასეულზე მეტი, უაღრესად საგულისხმო სამეცნიერო ნაშრომი, მისი ხელმძღვანელობით დაცული იყო არაერთი დისერტაცია მედიცინის კანდიდატის თუ დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
აკადემიკოს რომან შაქარიშვილის – სახელოვანი სწავლული მედიკოსის, მკვლევრის, პედაგოგისა და ქვეყნის ღირსეული შვილის ნათელი სახე სამარადჟამოდ დარჩება მისი კოლეგების, მოწაფეებისა და ახლობლების გულებში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,
ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება
