სადუნიშვილი თინათინ
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
თინათინ სადუნიშვილმა 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოქიმიის სპეციალობით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში აზოტის მეტაბოლიზმის ფერმენტების სტრუქტურის, კინეტიკის და რეგულაციის, ამონიუმის ასიმილაციის მეტაბოლური გზების გამოკვლევებზე 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1995 წელს კი სადოქტორი დისერტაციები. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის ხელმძღვანელობის პერიოდში მისი კვლევის სფერო გაფართოვდა მცენარის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შესწავლით ორგანული ტოქსიკანტებით დაბინძურებულ გარემოში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საერთაშორიშო პროექტები მიკრობულ მრავალფეროვნებაზე, ბიო და ფიტორემედიაციულ ტექნოლოგიებზე, ფიტოპათოგენურ ბაქტერიებსა და მათ სპეციფიკურ ბაქტერიოფაგებზე. 2013 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 2009 წელს არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 2015 წელს კი აკადემიკოსად.
მისი პროფესიული კარიერის მანძილზე მუშაობდა როგორც მიწვეული პროფესორი ბუდაპეშტის ეტვაშ ლორანდის უნივერსიტეტში, მკვლევარი სეგედის ბიოლოგიური ცენტრის ენზიმოლოგიიის ინსტიტუტში, მურსიას უნივერსიტეტში (ესპანეთი), ლოურენს ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიაში (აშშ), მეისეის უნივერსიტეტში (იაპონია) და სხვ. ის არის ავტორი მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მიმოხილვითი სტატიების და თავების წიგნებში.