ისტორია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

ისტორიული ნარკვევი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შეიქმნა 1941 წელს. ის ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა. მას წინ უძღოდა ქართველი ერის სულიერი კულტურის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია. სავსებით კანონზომიერია, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავისი შინაარსით და ფუნქციით წარმოადგენს იყალთოსა და გელათის აკადემიების სამართალმემკვიდრეს. საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ერმა შექმნა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კულტურული სიმთლიანე, რომელიც წარმოადგენს კაცობრიობის უკვდავი საგანძურის ორგანულ ნაწილს. ჩვენი ერის ბრძოლის უნარიანობის ძირითად ღერძს ყოველთვის წარმოადგენდა მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი და კულტურული ტრადიციები. აღნიშნული უპირატესობის შეგნებამ დაიცვა ქართველები როგორც ფიზიკური განადგურებისაგან, ასევე ასიმილაციისაგან.

მეცნიერული და შემოქმედებითი აზრის განვითარებას საქართველოში მდიდარი წარსული აქვს, რამაც გამოხატულება ჰპოვა ჩვენი ხალხის უაღრესად ინტენსიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობაში სულიერი კულტურის სფეროში. ისტორიამ შემოგვინახა ცნობა ფაზისის (ახლანდელი ფოთი) მახლობლად III-IV საუკუნეებში კოლხეთის რიტორიკული სკოლის (აკადემიის) არსებობის შესახებ. მიუხედავად გარეშე მტრებთან გამუდმებული ბრძოლისა და იმ ბედუკუღმართობისა, რაც თან სდევდა საქართველოს ისტორიულ ცხოვრებას, ქართველმა ხალხმა შეძლო შეენარჩუნებინა და დღემდე მოეტანა თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.

მრავალი საუკუნის წინ გამოჩენილ ქართველ მოაზროვნეთა მიერ იქმნებოდა თარგმნითი და ორიგინალური ლიტერატურა ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობის ცენტრებში, რომლებიც სხვადასხვა დროს არსებობდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ქართული კულტურის განვითარების კერებად ძირითადად უცხოეთში არსებული მონასტრები იქცა. ქართველთა მონასტრები სინას მთაზე (VI ს.) და პალესტინაში (V ს.), შავ მთაზე ანტიოქიის მახლობლად (XI ს.), ათონზე (980-983 წწ.) და პეტრიწონში (1083 წ.)  სწორედ ის ცენტრები იყო, სადაც ჩვენი ერის საუკეთესო წარმომადგენლები ეცნობოდნენ იმდროინდელ მოწინავე ქრისტიანულ და, აგრეთვე, აღმოსავლურ კულტურას, მეცნიერებასა და მწერლობას, ავითარებდნენ და ამდიდრებდნენ ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას.

ამ ცენტრებში მოღვაწეობდნენ პეტრე იბერი, იოანე სინელი, ილარიონ ქართველი, იოანე მინჩხი, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და მრავალი სხვა. მათი შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილი მდიდარი ლიტერატურა დამაჯერებლად მოწმობს ქართული ფილოსოფიური და მეცნიერული აზროვნების განვითარების მაღალ დონესა და მის როლს ზოგადსაკაცობრიო კულტურის შექმნაში.

შორეულ წარსულშივე საქართველოში გამოყენებითი ხასიათის ცოდნის განვითარებაზე ცხადად მოწმობს შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობანი, კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქები, გზები და ხიდები, რთული სარწყავი სისტემები, მიღწევები მეტალურგიაში, სამთო და სამშენებლო  საქმეში, სოფლის მეურნეობასა და ტექნიკის სხვა დარგებში.

ქართველმა მოაზროვნეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შუა საუკუნეების საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზრის განვითარებაში (პეტრე იბერი, არსენ იყალთოელი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი). შუა საუკუნეების შემოქმედებითი და საზოგადოებრივი აზრის განვითარების ჭეშმარიტი მწვერვალი იყო შოთა რუსთაველის გენიალური პოემა `ვეფხისტყაოსანი~, რომელმაც მოწინავე იდეებითა და ჰუმანისტური მსოფლმხედველობით თავის ეპოქას გაუსწრო; მასში ასახულია ევროპული რენესანსის ძირითადი ნიშნები.

საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, გამოირჩეოდა როგორც ფილოსოფიის, ისტორიოგრაფიის, პოეტიკის, სამართლებრივი აზრის და კანონმდებლობის დარგში წარმოებული კვლევებით, ისე მათემატიკის, ასტრონომიის, გეოგრაფიის, მედიცინისა და სხვა მეცნიერებათა განვითარების მაღალი დონით.

XIX საუკუნეში თბილისში შეიქმნა კავკასიის მუზეუმი, თბილისის ობსერვატორია და სხვ. უფრო ადრე დაარსდა თბილისის ბოტანიკური ბაღი. ყველა ეს ორგანიზაცია შემდგომ მსხვილ სამეცნიერო დაწესებულებად გადაიქცა და დიდხანს იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში.

1907 წელს შეიქმნა საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოება, რომელშიც გაერთიანდნენ ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები (ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით) და აქტიური საქმიანობა გაშალეს ძველი ქართული ისტორიული ძეგლების გამოვლენის, შესწავლისა და დაცვის მიმართულებით.

პირდაპირი წანამძღვრები, რომელთაც მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, იყო სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფაქტობრივად ყველა დამფუძნებელი თსუ-ს პროფესორი იყო) და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, დაფუძნებულ იქნა 1941 წლის 8 თებერვალს. ქვეყანაში უკვე არსებულმა, მათემატიკის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო სკოლებმა აკადემიის სისტემაში შემდგომი განვითარება ჰპოვა. დაწინაურდა ქართველოლოგიური მიმართულებებიც.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შემადგენლობაში შევიდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ყველა 9 სამეცნიერო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, გეოლოგიის ინსტიტუტი, ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიის და ყოფილი ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორია, რომლებიც თბილისის უნივერსიტეტთან ფუნქციონირებდა. გარდა აღნიშნულისა, აკადემიას გადაეცა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული ქართული ხელოვნების ისტორიის სექტორი, ხოლო ფსიქოლოგიის ლაბორატორია მაშინვე გარდაიქმნა სექტორად. ამრიგად, დაარსებიდან აკადემიის სისტემაში შევიდა 14 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

 

აკადემიის დამფუძნებელი აკადემიკოსები იყვნენ:

გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება)
ივანე ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია)

კირიაკ ზავრიევი (სამშენებლო მექანიკა)
ფილიპ ზაიცევი (ზოოლოგია)
ალექსანდრე თვალჭრელიძე (მინერალოგია, პეტროგრაფია)
კორნელი კეკელიძე (ფილოლოგია)
ნიკოლოზ კეცხოველი (ბოტანიკა)
ტარასი კვარაცხელია (სუბტროპიკული კულტურები)
ნიკოლოზ მუსხელიშვილი (მათემატიკა, მექანიკა)
დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია)
აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება)
არნოლდ ჩიქობავა (ენათმეცნიერება)
გიორგი ჩუბინაშვილი (ხელოვნება)
გიორგი ხაჭაპურიძე (ისტორია)
სიმონ ჯანაშია (ისტორია)
ალექსანდრე ჯანელიძე (გეოლოგია)

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დამფუძნებელი პირველი თექვსმეტი წევრი მოღვაწეობდა აკადემიის ორ განყოფილებაში:

  • მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განყოფილებაში
  • საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებაში.

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. იგი 30 წლის მანძილზე (1941-1972) ხელმძღვანელობდა აკადემიას. 1972-1977 წლებში აკადემიის პრეზიდენტი იყო ილია ვეკუა, 1978-1986 წლებში აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, 1986-2004 წლებში – აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე. 2005 წლიდან 2013 წლამდე აკადემიას სათავეში ედგა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. 2013-2023 წლებში აკადემიას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. 2023 წლის 7 ივნისიდან აკადემიის პრეზიდენტია აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

ამჟამად აკადემიაში ფუნქციონირებს 9 სამეცნიერო განყოფილება:

 

ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:

  • ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია „ქართული ენციკლოპედია“
  • გ. წერეთლის სახელობის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული

  • ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელიც ერის ინტელექტუალურ მდგრადობას განასახიერებს.

მეცნიერებათა აკადემია სახელმწიფო კანონის შესაბამისად მიჩნეულია ქვეყნის ხელისუფლების მრჩევლად, ექვემდებარება უშუალოდ მთავრობას. ყველა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ანგარიშვალდებულია მეცნიერებათა აკადემიის მიმართ. კანონის თანახმად, აკადემია ახორციელებს სხვადასხვა დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო საქმიანობის ექსპერტულ შეფასებას. დღეისათვის აკადემიის სამეცნერო ერთეულის ფუნქცია აქვთ სამეცნიერო განყოფილებებსა და აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ დარგობრივ კომისიებს, რომლებიც ქვეყნისათვის არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავენ. პრეზიდიუმთან არსებული კომისიებია:

  • ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია;
  • საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია;
  • მიწის ფონდის მართვის მეცნიერული უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი კომისია;
  • ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისია;
  • საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისია;
  • ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების პრობლემათ აშემსწავლელი კომისია;
  • ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისია;
  • ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისია;
  • საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისია;
  • საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისია;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის პრობლემების საკოორდინაციო კომისია;
  • საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია.

აკადემიის  მთავარი ჟურნალი „მოამბე“ გამოდის ინგლისურ ენაზე და ვრცელდება მთელ მსოფლიოში. მას მინიჭებული აქვს მაღალი რეიტინგის  იმპაქტ-ფაქტორის კოეფიციენტი და სარგებლობს დიდი მოთხოვნით.