საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება, რომელიც არის მემკვიდრე და ტრადიციების გამგრძელებელი უძველესი ქართული განათლებისა და სულიერების კერების – გელათისა და იყალთოს აკადემიებისა. იგი არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამონაცვლეს, რომლის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“, საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს თავის წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს სამეცნიერო-ორგანიზაციულ, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.
თავი II
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიზნები და ამოცანები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიზნებია:
ა) საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევების წარმოება და ხელშეწყობა;
გ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა და ამ ენებზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფა;
დ) ქვეყანაში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება. მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მთავრობაში წარდგენა;
ე) ქვეყანაში წარმოებული მეცნიერული კვლევის შედეგების ექსპერტიზა;
ვ) მეცნიერული მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და საქართველოს მეცნიერთა მიერ მოპოვებული მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.
- თავისი მიზნების განსახორციელებლად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია:
ა) ეწევა სამეცნიერო-კვლევით და ექსპერტული ხასიათის საქმიანობას, რისთვისაც საჭიროების შემთხვევაში ქმნის სათანადო სტრუქტურულ ერთეულებს;
ბ) განიხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს;
გ) ატარებს სამეცნიერო კვლევების ექსპერტიზას, აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს;
დ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას;
ე) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას; ატარებს საჯარო ლექციებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად;
ვ1) აწესებს სტიპენდიებს და წარმატებულ მეცნიერებს, რომლებიც აკადემიის წევრები არ არიან, ირჩევს აკადემიის სტიპენდიატებად;
ზ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; ამყარებს კავშირებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან;
თ) კოორდინაციას უწევს სამეცნიერო დაწესებულებების კვლევით საქმიანობას;
ი) ქმნის კომისიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში;
კ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის;
ლ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტიტულს და გასცემს ჯილდოებს;
მ) ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები და აკადემიის სტიპენდიატები
- აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობა ოცდაათს, ხოლო სტიპენდიატთა რაოდენობა ათს.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.
აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერების ან/და კულტურის განვითარებაში.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება აირჩეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე − უცხო ქვეყნის მოქალაქე.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 50 წელს აღემატება. იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს საქართველოში. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
თავი IV
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვის პრინციპები და მართვის ორგანოები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მართავენ:
ა) აკადემიის საერთო კრება
ბ) აკადემიის პრეზიდიუმი
გ) აკადემიის პრეზიდენტი
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობებია.
თავი V
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ- კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიატები.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება:
ა) ამტკიცებს აკადემიის წესდებასა და აკადემიის სტრუქტურას აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტების სიითი შემადგენლობის (შემდგომ − სიითი შემადგენლობის) უმრავლესობით;
ბ) განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
გ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა (შემდგომ − განყოფილება) აკადემიკოს-მდივნებს და აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით;
დ) ვადამდე გამოიწვევს აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის 3/5-ით;
ე) იხილავს და ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს და წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე;
ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), წევრ-კორესპონდენტებს, საპატიო აკადემიკოსებს, აკადემიის უცხოელ წევრებსა და აკადემიის სტიპენდიატებს;
ზ) იხილავს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც. საერთო კრების მოწვევა სავალდებულოა, თუკი ამას ითხოვს ხმის უფლების მქონე წევრთა ერთი მესამედი მაინც.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენოლობის ნახევარზე მეტი.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხი უნდა გადაწყდეს კვალიფიციური უმრავლესობით (სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა).
თავი VI
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტისაგან, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისაგან, აკადემიის აკადემიკოს-მდივნისაგან, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისაგან და აკადემიის საერთო კრების მიერ არჩეული სხვა წევრებისაგან, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვსს.
აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების შერჩევისა და არჩევის წესი რეგულირდება ამ წესდებით.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და აკადემიის საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია აკადემიის საერთო კრების წინაშე.
- აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს შორის მოვალეობებსა და ფუნქციებს აკადემიის პრეზიდიუმის წევრებთან შეთანხმებით ანაწილებს აკადემიის პრეზიდენტი და ამტკიცებს აკადემიის პრეზიდიუმი.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან შეიძლება არსებობდეს სამეცნიერო კომიტეტები, კომისიები და სამეცნიერო საზოგადოებები.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი:
ა) ამყარებს სამეცნიერო კონტაქტებს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიებთან და უცხოეთის მეცნიერებათა აკადემიებთან, აგრეთვე სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან;
ბ) იწვევს სამეცნიერო სესიებს, კონფერენციებს, თათბირებსა და სიმპოზიუმებს; ანიჭებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელობით პრემიებს მნიშვნელოვანი მეცნიერული შრომებისათვის და გამოგონებებისათვის, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიებს ახალგაზრდა მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საუკეთესო მეცნიერული ნაშრომებისათვის;
გ) წარუდგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის წლიურ ანგარიშს აკადემიის საერთო კრებას განსახილველად და დასამტკიცებლად;
დ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე შეფასებას აძლევს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობის წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს. თავის მოსაზრებებს აცნობს ამ ორგანიზაციებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მეცნიერების განვითარების ფონდებს;
ე) ამტკიცებს აკადემიასთან არსებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ვ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიასთან არსებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ზ) ამტკიცებს აკადემიის პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიებისა და საბჭოების შემადგენლობებსა და დებულებებს;
თ) ამტკიცებს გამოჩენილ მეცნიერთა აკადემიური სახელობითი პრემიების მინიჭების სანიმუშო დებულებას;
ი) ამტკიცებს სამეცნიერო განყოფილების საერთო კრების მიერ ფარული კენჭისყრით არჩეულ განყოფილების სწავლულ მდივანს.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი; ადმინისტრაციული აპარატის დებულებას და შინაგანაწესს ამტკიცებს აკადემიის პრეზიდიუმი.
თავი VII
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი პასუხს აგებს აკადემიის საქმიანობის წარმართვაზე. აკადემიის პრეზიდენტი იმავდროულად არის აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
- აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან (აკადემიკოსთაგან) ირჩევს აკადემიის საერთო კრება, 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იმავე პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ აკადემიის პრეზიდიუმს, განყოფილებებს, აკადემიის წევრთა ჯგუფებსა და ცალკეულ წევრებს.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი:
ა) წარუდგენს საერთო კრებას აკადემიის ვიცე-პრეზიდენტობის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნობის და პრეზიდიუმის სხვა წევრობის კანდიდატებს;
ბ) იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის საერთო კრებებსა და პრეზიდიუმის სხდომებს;
გ) განკარგავს აკადემიის ფინანსებს.
თავი VIII
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურა
- აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება.
- აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს და აკადემიის სტიპენდიატებს. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
- „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების თხოვნისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობის შემთხვევაში ამ სამეცნიერო დაწესებულების აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით ჩამოყალიბება შესაძლებელია, თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მისთვის ქონების გადაცემის შესახებ.
- აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულის – სამეცნიერო განყოფილების, აკადემიის სამეცნიერო და სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი, აგრეთვე მათი ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება ამ წესდებით, აკადემიის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებითა და აკადემიის შინაგანაწესით.
აკადემიის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია – ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია; აკად. გიორგი წერეთლის სახელობის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული სამეცნიერო ცენტრი.
თავი IX
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განყოფილება
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ძირითადი სამეცნიერო-ორგანიზაციული ერთეულია განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოვალეობის შემსრულებელი, იმავე განყოფილების წევრი.
განყოფილება საქმიანობას წარმართავს აკადემიის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დებულებით.
- განყოფილების უმაღლესი ორგანოა განყოფილების საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია, თუ მას ესწრება განყოფილების წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევნებისას განყოფილების საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება განყოფილების ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ნახევარზე მეტი.
- განყოფილების საერთო კრება ფარული კენჭისყრით, აკადემიის ნამდვილ წევრთაგან შეარჩევს განყოფილების აკადემიკოს-მდივნის კანდიდატურას. შერჩეულად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, მაგრამ არანაკლებ ხმის უფლების მქონე წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ხმა.
განყოფილების საერთო კრებაზე აკადემიკოს-მდივნის კანდიდატურის შერჩევისას ხმის უფლების მქონე წევრებს უფლება აქვთ ხმა მისცენ ერთ ან რამდენიმე კანდიდატს.
განყოფილების საერთო კრება ფარული კენჭისყრით, ირჩევს განყოფილების სწავლულ მდივანს ხუთი წლით ვადით, არჩეულად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმის უფლების მქონე წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ხმა (უმრავლესობა).
განყოფილების საერთო კრებაზე, განყოფილების სწავლული მდივნის არჩევისას ხმის უფლების მქონე წევრი სარგებლობს ერთი ხმით.
- განყოფილება აყალიბებს მეცნიერების და ტექნოლოგიების დარგობრივ კომისიებს (შემდგომში დარგობრივ კომისიებს) და განყოფილების საერთო კრება ფარული კენჭისყრით ირჩევს დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეებს აკადემიის წევრთაგან.
- განყოფილება:
ა) ისმენს და ამტკიცებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ბ) იხილავს მეცნიერების შესაბამისი დარგების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების საკითხებს და სათანადო წინადადებებს წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს;
გ) ექსპერტიზას უწევს საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს;
დ) კოორდინაციას უწევს შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებების საქმიანობას;
ე) აყალიბებს საექსპერტო კომისიებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელობითი პრემიების მისანიჭებლად;
ვ) წარუდგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმს წინადადებებს სახელობითი პრემიების მინიჭების თაობაზე. აკადემიის პრეზიდიუმის სათანადო გადაწყვეტილების შემთხვევაში აყალიბებს საექსპერტო კომისიებს შემოსული განცხადებების განსახილველად;
ზ) კოორდინირებას უწევს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიების მისანიჭებლად შექმნილი საექსპერტო კომისიების საქმიანობას, იხილავს მათი მუშაობის შედეგებს და განყოფილების საერთო კრებაზე განხილულ მასალებს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს;
თ) იხილავს სამეცნიერო სესიების, კონფერენციებისა და თათბირების მოწყობის საკითხებს და სათანადო წინადადებებს წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს;
ი) შეარჩევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის), წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატებს.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი:
ა) ხელმძღვანელობს განყოფილებას და არის განყოფილების სრულუფლებიანი წარმომადგენელი აკადემიის პრეზიდიუმში;
ბ) იწვევს და თავმჯდომარეობს განყოფილების საერთო კრებას.
- განყოფილების დარგობრივი კომისიების მიზნებია:
ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოპოვებული საერთაშორისო დონის შედეგების გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება და მათი წარდგენა განყოფილების სხდომაზე განსახილველად;
ბ) საქართველოში ჩატარებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების წლიური ანგარიშებისა და ცალკეული სამეცნიერო ნაშრომების ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის წარდგენა განყოფილების სხდომაზე განსახილველად;
გ) დარგების მიხედვით წლის საუკეთესო კვლევითი ჯგუფების გამოვლენა და სათანადო წინადადებების წარდგენა განყოფილების სხდომაზე განსახილველად; საუკეთესო კვლევითი კოლექტივის შერჩევა ხდება განყოფილების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.
თავი X
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის),
წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევა
- 1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის არჩევნები ტარდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა), აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა და აკადემიის სტიპენდიატთა არჩევნები ცხადდება არსებულ ვაკანსიებზე, პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული სპეციალობების მიხედვით.
- აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა საბუთების მიღების ვადები, ასევე კანდიდატთა შერჩევისა და არჩევის თარიღები განისაზღვრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის მიერ ყოველი არჩევნების წინ.
აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა შესახებ წარმოსადგენი მასალების ნუსხა (მათ შორის: მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და სხვა) განისაზღვრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის მიერ მიღებული დადგენილებით და მოქმედებს ყველა შესაბამისი არჩევნებისთვის.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევნების ჩატარების შესახებ, ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე (science.org.ge), არჩევნებამდე არანაკლებ სამი თვით ადრე.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება სტიპენდიატთა არჩევნების ჩატარების შესახებ ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე (science.org.ge), არჩევნებამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს); ავტორიზებულ საჯარო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით); საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს; ავტორიზებულ საჯარო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით); საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით).
- აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობი, სტიპენდიატობის კანდიდატის საბუთების მიღებას ახორციელებს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი), ხოლო რეგისტრირებას – აკადემიის კანცელარია.
მიღებულ საბუთებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი წერილობით (ელ. ფოსტა) ატყობინებს წარმომდგენს აღნიშნულის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს სამ სამუშაო დღეს. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში ვერ შეძლებს ხარვეზის აღმოფხვრას, მისი არჩევის საკითხი აღარ განიხილება.
- არჩევნებში მონაწილეთა საბუთების მიღების ვადის დამთავრებიდან 10 დღის განმავლობაში აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი პრეზიდიუმს მოახსენებს ინფორმაციას, წარმოდგენილ კანდიდატთა შესახებ, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატთა საბუთებს წარუდგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამის სამეცნიერო განყოფილებებს განსახილველად.
- რეგისტრირებულ კანდიდატთა სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ძირითადი მასალები (CV) და პუბლიკაციათა სია განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე (science.org.ge).
- 9. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის), წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე (science. org.ge) არჩევნების ჩატარებამდე, არანაკლებ ერთი თვით ადრე.
აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობის, სტიპენდიატობის კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, წერილობითი განცხადების საფუძველზე.
- განყოფილების საერთო კრებაზე აკადემიკოსობის კანდიდატთა შერჩევისას, ასევე, აკადემიის საერთო კრებაზე – არჩევისას, ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები).
განყოფილების საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა შერჩევისას, ასევე, აკადემიის საერთო კრებაზე – არჩევისას, ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ-კორესპონდენტები.
შენიშვნა: თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ აკადემიკოსებსა და წევრ-კორესპონდენტებს, რომლებიც არიან კანდიდატის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები (ასეთ შემთხვევაში, აკადემიის წევრმა წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის განყოფილებას თვითაცილების შესახებ).
- განყოფილებისა და აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა შერჩევა/არჩვა ხდება ფარული კენჭისყრით.
აკადემიკოსებსა და წევრ-კორესპონდენტებს უფლება აქვთ აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა შერჩევისას განყოფილების საერთო კრებაზე ხმა მისცენ ერთ ან რამდენიმე კანდიდატს, ხოლო აკადემიის საერთო კრებაზე არჩევისას – მხოლოდ ერთ კანდიდატს.
12.აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა), წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიატთა არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში აკადემიის პრეზიდიუმი ამტკიცებს განყოფილებათა საექსპერტო კომისიებს დარგების მიხედვით.
- საექსპერტო კომისია პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრულ ვადებში განიხილავს რეგისტრირებული კანდიდატების შესახებ, შესაბამისი განყოფილების მიერ წარმოდგენილ მასალებს და ატარებს ფარულ კენჭისყრას, გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატისთვის რეკომენდაციის მისაცემად.
14.საექსპერტო კომისიის კენჭისყრის შედეგები უნდა ეცნობოს განყოფილების საერთო კრებას აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა შერჩევის წინ.
- აკადემიაში მიმდინარე არჩევნებისას, თუ განყოფილებაში ხმის უფლების მქონე წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლებია – ამ განყოფილებაში პრეზიდიუმის დადგენილებით, ტარდება ორი განყოფილების გაერთიანებული კრება.
- არჩევნებამდე აკადემიის სამეცნიერო განყოფილება მოისმენს აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა მოხსენებებს სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. აკადემიის წევრებს (და სხვა დაინტერესებულ პირებს) უფლება აქვთ დაესწრონ განყოფილებაში მიმდინარე მოსმენებს.
- განყოფილების საერთო კრება უფლებამოსილია მოაწყოს აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა შერჩევა, თუ მას ესწრება განყოფილების ან გაერთიანების შემთხვევაში, განყოფილებების ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
განყოფილების საერთო კრება უფლებამოსილია ჩაატაროს აკადემიის წევრ-კორესპონდენტობისა და სტიპენდიატობის კანდიდატთა შერჩევა, თუ მას ესწრება განყოფილების ან, გაერთიანების შემთხვევაში, განყოფილებების ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
ხმის უფლების მქონე იმ წევრთათვის, ვინც კანდიდატის არჩევას ბინაზე უყრის კენჭს, ასევე, უცხოეთში ან, საქართველოს რომელიმე რეგიონში მყოფი აკადემიის წევრებისთვის დასაშვებია სხდომის მუშაობაში (და არა – ფარულ კენჭისყრაში) დისტანციური მონაწილეობა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებით.
- განყოფილების საერთო კრებაზე აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობის ან
სტიპენდიატობის კანდიდატად შერჩეულად ჩაითვლება ის პირი, რომელიც კენჭისყრისას დააგროვებს ხმის უფლების მქონე წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას. თუ აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობის ან სტიპენდიატობის ორმა ან მეტმა კანდიდატმა მიიღო ხმის უფლების მქონე წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ხმა, შერჩეულად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
- განყოფილების საერთო კრებაზე კენჭისყრის პირველ ტურში თუ ვერ შეირჩა კანდიდატი და აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობის ან სტიპენდიატობის ერთმა ან რამდენიმე კანდიდატმა დააგროვა სიითი შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები, მაგრამ 1/3-ზე მეტი ხმა, ამ კანდიდატ(ებ)ისთვის ტარდება კენჭისყრის მეორე ტური; თუ მათ მეორე ტურის შემდეგაც ვერ მიიღეს შერჩევისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვაკანსია ჩაითვლება გაუქმებულად.
- თუ კენჭისყრის პირველ ტურში ერთ ვაკანსიაზე აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობის ან სტიპენდიატობის ორმა ან მეტმა კანდიდატმა მიიღო გამსვლელი ხმების (სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ხმა) თანაბარი რაოდენობა, მათთვის ჩატარდება კენჭისყრის მეორე ტური, თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო შერჩევისთვის საჭირო გამსვლელი ხმები, ვაკანსია ჩაითვლება გაუქმებულად.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებმა მეორე ტურში კვლავ მიიღეს გამსვლელი ხმების (სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ხმა) თანაბარი რაოდენობა, ჩატარდება კენჭისყრის მესამე ტური. თუ მესამე ტურის შემდეგ – ერთ ვაკანსიაზე შერჩეულია აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობის ან სტიპენდიატობის ორი ან მეტი კანდიდატი, გამსვლელი ხმების თანაბარი რაოდენობით, მათი არჩევის საკითხს გადაწყვეტს აკადემიის საერთო კრება. საერთო კრებაზე არჩეულად ჩაითვლება აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობის ან სტიპენდიატობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმის უფლების მქონე წევრთა სიითი შემადგენლობის ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ ხმის უფლების მქონე წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას. აკადემიის საერთო კრებაზე კანდიდატთა მიერ გამსვლელი ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში ვაკანსია ჩაითვლება გაუქმებულად.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს), წევრ-კორესპონდენტს ან აკადემიის სტიპენდიატს, რომელიც შეირჩევა სამეცნიერო განყოფილებათა საერთო კრების მიერ, ირჩევს აკადემიის საერთო კრება, ფარული კენჭისყრით.
ხმის უფლების მქონე იმ წევრთათვის, ვინც კანდიდატის არჩევას ბინაზე უყრის კენჭს, ასევე, უცხოეთში ან საქართველოს რომელიმე რეგიონში მყოფი აკადემიის წევრებისთვის დასაშვებია სხდომის მუშაობაში (გარდა ფარული კენჭისყრისა) დისტანციური მონაწილეობა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებით.
- აკადემიკოსად, წევრ-კორესპონდენტად, ან სტიპენდიატად არჩეულად ჩაითვლება
ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმის უფლების მქონე წევრთა ხმების მეტ რაოდენობას,
მაგრამ არანაკლებ ხმის უფლების მქონე წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას.
- აკადემიის განყოფილების საერთო კრებაზე შერჩევისას და აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიკოსთა არჩევისას აკადემიის ნამდვილ წევრთაგან ირჩევენ ხმის დამთვლელ კომისიებს.
აკადემიის განყოფილების საერთო კრებაზე შერჩევისას და აკადემიის საერთო კრებაზე წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიატთა არჩევისას აკადემიის ნამდვილ წევრთაგან და წევრ- კორესპონდენტთაგან ირჩევენ ხმის დამთვლელ კომისიებს.
- აკადემიის განყოფილებათა საერთო კრებებსა და აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრის ბიულეტენებში კანდიდატის გვარის გასწვრივ არის სიტყვები „თანახმა ვარ“ და „წინააღმდეგი ვარ“, რომელთაგან კენჭისყრაში მონაწილე ხაზს გადაუსვამს ერთ-ერთს. ბიულეტენი ყოველგვარი აღნიშვნის გარეშე და ბიულეტენი, რომელშიც წაშლილია ან დატოვებულია ორივე სიტყვა „თანახმა ვარ“ და „წინააღმდეგი ვარ“ კონკრეტული კანდიდატის მიმართ ჩაითვლება გაუქმებულად.
- განყოფილებისა და აკადემიის საერთო კრებაზე საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას დაუშვებელია სხვა პირის დასწრება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამომრჩეველს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, ამ დროს მას უფლება აქვს დასახმარებლად მოიწვიოს ნებისმიერი პირი, მაგრამ არა ხმის დამთვლელი კომისიის წევრი და აკადემიკოსობის, წევრ-კორესპონდენტობის, სტიპენდიატობის კანდიდატი.
- განყოფილებათა საერთო კრებებზე და აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრის ბიულეტენის მიღება დასტურდება ბიულეტენის მიღების სიაში ხელმოწერით.
- თუ კენჭისყრაში მონაწილეს უნებურად გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, იგი აბარებს მას ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ბიულეტენს დააწერს „გაფუჭებულია“, ჩამოაჭრის კუთხეს და ცალკე შეინახავს, ხოლო ამომრჩეველს გადასცემს ახალ ბიულეტენს.
- ფარული კენჭისყრა ტარდება აკადემიის შენობაში, არჩევნებისათვის განკუთვნილ ოთახში, სადაც დგას დალუქული ყუთი და იმყოფებიან მხოლოდ ხმის დამთვლელი კომისიის წევრები.
- ბინაზე ხმის მიცემის აუცილებლობის შემთხვევაში, ხმის დამთვლელი კომისია გამოყოფს კომისიის წევრთაგან ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს ბინაზე კენჭისყრას. ბინიდან მოტანილი კენჭისყრის ყუთი იხსნება ძირითადი კენჭისყრის ყუთთან ერთად და მიმდინარეობს ხმების საერთო დათვლა.
- განყოფილების ხმის დამთვლელი კომისიის ოქმებს ამტკიცებს განყოფილების საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
- აკადემიის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისიის ოქმებს ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
- ხმის დამთვლელი კომისიის ოქმები, ფარული კენჭისყრის ბიულეტენებთან ერთად ინახება დალუქული კონვერტით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
- არჩევნების შედეგები ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე (science.org.ge).
- 34. არჩეული აკადემიკოსი, წევრ-კორესპონდენტი არის შესაბამისი განყოფილების წევრი აკადემიის საერთო კრების მიერ მისი არჩევის დღიდან და სარგებლობს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული უფლებებით.
- არჩეული სტიპენდიატი ითვლება შესაბამისი განყოფილების სტიპენდიატად აკადემიის საერთო კრების მიერ მისი არჩევის დღიდან და სარგებლობს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული უფლებებით.
- საპატიო აკადემიკოსად და აკადემიის უცხოელ წევრად ასარჩევ კანდიდატებს შესაბამისი პროფილის განყოფილების რეკომენდაციით, პრეზიდიუმზე განხილვის შემდეგ საერთო კრების წინაშე წარადგენს აკადემიის პრეზიდენტი.
- საპატიო აკადემიკოსს და აკადემიის უცხოელ წევრს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება ირჩევს ღია კენჭისყრით.
თავი XI
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და წევრ–კორესპონდენტის სტატუსი
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და წევრ-კორესპონდენტი შეიძლება ხელმძღვანელობდეს უმნიშვნელოვანესი მეცნიერული პრობლემის კვლევას ან მონაწილეობდეს მის შესრულებაში.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი განყოფილების წევრები; მათ შეუძლიათ გადავიდნენ ერთი განყოფილებიდან მეორეში იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს მეორე განყოფილების წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
- ერთ განყოფილებაში შემავალ აკადემიკოსსა თუ წევრ-კორესპონდენტს, მეორე განყოფილების წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მეორე განყოფილების მუშაობაში და ისარგებლოს ამ განყოფილების წევრის ყველა უფლებით, გარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსთა და სტიპენდიატთა შერჩევისას ხმის უფლებით.
- აკადემიის წევრს უფლება აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმში და იმ განყოფილებაში, რომელშიც იგი შედის, განსახილველად შეიტანოს სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო საკითხები, აგრეთვე გამოიტანოს ასეთი საკითხები აკადემიის საერთო კრებაზე განსახილველად.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, დარგობრივ კომისიაზე განხილვის შემდეგ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამის განყოფილებას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.
თავი XII
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ – კორესპონდენტისა და აკადემიის სტიპენდიატის ანაზღაურება
- აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 2 000 ლარის ოდენობით.
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.
- აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.
- ამ თავის პირველი − მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ანაზღაურებისათვის საჭირო თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა, მათი სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
- აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ამ თავის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.
- აკადემიის სტიპენდიატს ამ თავის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სტიპენდია შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.
- ამ თავის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ანაზღაურება არის აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სამეცნიერო სტატუსების შესაბამისი ანაზღაურება.
თავი XIII
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქონება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით სარგებლობს შესაბამისი ქონებით, რომელიც მას გადმოცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XIV
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსება
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აკადემიისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე აისახება კანონში „საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების დამატებითი წყაროებია:
ა) სამეცნიერო კვლევების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ფონდები;
ბ) გრანტები და ხელშეკრულებების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ) სამეცნიერო-საგამომცემლო საქმიანობის რეალიზაციიდან შემოსავლები (მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული);
დ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები;
ე) აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული სხვა, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა.
თავი XV
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XVI
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების შეცვლის წესი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების შეცვლა ხდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც ხმა უნდა მისცეს აკადემიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ.
თავი XVII
გარდამავალი დებულებანი
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოქმედ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს-მდივანსა და აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ არჩევის ვადის გასვლისთანავე.
- 2. ეს წესდება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
აკადემიკოსი როინ მეტრეველი
თბილისი,
2025 წლის 23 ივლისი,
საქართველოს მეცნიერებთა ეროვნული აკადემიის საერთო კრების № 2 დადგენილება