საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავისი შინაარსითა და ფუნქციით წარმოადგენს იყალთოსა და გელათის აკადემიების სამართალმემკვიდრეს. პირდაპირი წანამძღვრები, რომელთაც მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, პირველ რიგში იყო სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფაქტობრივად, აკადემიის ყველა დამფუძნებელი უნივერსიტეტის პროფესორი იყო), ხოლო მეორე მხრივ – საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი, რომელიც ეროვნული მეცნიერების ერთიანი ორგანიზაციის პირველ ცდას წარმოადგენდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, დაფუძნებულ იქნა 1941 წლის 10 თებერვალს.
აკადემიის დამფუძნებელი აკადემიკოსები იყვნენ:
-
- გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება)
- ივანე ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია)
- კირიაკ ზავრიევი (სამშენებლო მექანიკა)
- ფილიპე ზაიცევი (ზოოლოგია)
- ალექსანდრე თვალჭრელიძე (მინერალოგია, პეტროგრაფია)
- კორნელი კეკელიძე (ფილოლოგია)
- ნიკოლოზ კეცხოველი (ბოტანიკა)
- ტარასი კვარაცხელია (სუბტროპიკული კულტურები)
- ნიკოლოზ მუსხელიშვილი (მათემატიკა, მექანიკა)
- დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია)
- აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება)
- არნოლდ ჩიქობავა (ენათმეცნიერება)
- გიორგი ჩუბინაშვილი (ხელოვნება)
- გიორგი ხაჭაპურიძე (ისტორია)
- სიმონ ჯანაშია (ისტორია)
- ალექსანდრე ჯანელიძე (გეოლოგია)