საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის უძველესი ქართული აკადემიების – გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე, სახელმწიფოს მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარების ინსტიტუცია, საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, დაფუძნებულ იქნა 1941 წლის თებერვალში და იგი გამგრძელებელია იმ მდიდარი მეცნიერული ტრადიციებისა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა საქართველოში. 2006 წლის იანვრიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ეწოდება „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კოორდინაციას უწევს მეცნიერულ კვლევებს საქართველოში, ამყარებს კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნების აკადემიებთან და მეცნიერულ ცენტრებთან, ახორციელებს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული ყველა კვლევითი სამუშაოს შეფასებას – ატესტაციას; აგრეთვე, ბოლო ხუთი წლის მანძილზე სხვადასხვა დარგში გამოქვეყნებული საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიებით დაჯილდოვებას, ახალგაზრდა მკვლევართა პრემირებას, მატერიალურ წახალისებას და სხვ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის მთელი რიგი საერთაშორისო აკადემიური გაერთიანებების კოლექტიური წევრი, მათ შორის: «სრულიად ევროპის აკადემიათა ასოციაციის», «აზიისა და აფრიკის აკადემიათა ასოციაციის» და სხვ. ჩვენი აკადემიის მრავალი წევრი არის ყველაზე პრესტიჟული დასავლური – ევროპისა და ამერიკის აკადემიებისა და უნივერსიტეტების საპატიო უცხოელი წევრი და საპატიო დოქტორი, ისე, როგორც მრავალი გამოჩენილი უცხოელი მეცნიერი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, რასაც ისინი დიდ პატივად მიიჩნევენ…