ზურაბ ანჩაბაძე – 100
- დეკემბერი 26, 2021
არსებობენ ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მეცნიერების განვითარებაში. ზუსტად ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება გამოჩენილი სწავლული ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, უმაღლესი სკოლის ღვაწლმოსილი მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ანჩაბაძე, რომლის დაბადებიდან 100 წლის იუბილე სათანადოდ აღინიშნა მეცნიერებათა აკადემიაში. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება.
საიუბილეო სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ გააკეთა მოხსენება ზურაბ ანჩაბაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; სიტყვით გამოვიდა აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია; ასევე – პროფესორი ზურაბ პაპასქირი; პროფესორი – ყარამან ფაღავა; ზურაბ ანჩაბაძის მემკვიდრეობისა და მოღვაწეობის საკითხების შესახებ თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ვრცლად ისაუბრა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარემ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ; ბოლოს სიტყვა გადაეცა ზურაბ ანჩაბაძის შვილს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ანჩაბაძეს.
ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, ზურაბ ანჩაბაძე, გახლდათ აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ასევე სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი. მან შექმნა საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიის კათედრები და თავადვე ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 20 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაცია, მისი სტუდენტი იყო აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე.
სხდომაზე გადაწყდა დაწესდეს ზურაბ ანჩაბაძის სახელობის პრემია.