ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში
- იანვარი 19, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2022 წლის 12 იანვარს ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ; პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები და პრეზიდიუმის წევრები. სხდომაზე მოხსენებით, – ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქმიანობის შესახებ, დამსწრეთა წინაშე წარსდგა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე. მან აღნიშნა, რომ ენციკლოპედიის მთავარი საქმიანობაა უნივერსალური, მრავალტომეულის „საქართველოს“ გამოცემა. ამჟამად უკვე გამოცემულია ოთხი ტომი; მიმდინარეობს მუშაობა მე-5 ტომზე და პარალელურად პირველი ტომის ელექტრონულ ვერსიაზე. პირველი ტომი, რომელიც 1997 წელს არის გამოცემული ძირეულად განახლდა და მოხდა მისი განთავსება ენციკლოპედიის ვებგვერდზე – georgianencyclopedia.ge. ამავე ვებგვრდზე, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, განთავსებულია ენციკლოპედიის ოთხივე ტომის ელექტრონული მასალა, რასაც დიდი რაოდენობის ნახვები აქვს 2021 წელს (დაახლოებით – 73000-ზე მეტი). 2022 წლის მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს ენციკლოპედიის მე-5 ტომზე მუშაობა. პარალელურად ენციკლოპედიაში მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა აღწერილობის“ მე-7 ტომზე, ხოლო ახლახან გამოიცა ამ წიგნის მორიგი ტომი.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ენციკლოპედიას კავშირი აქვს უცხოურ ენციკლოპედიებთან, როგორებიცაა ბრიტანიკა და ნორვეგიული ენციკლოპედია; ასევე დაგეგმილია წლის ბოლოსთვის მოხდეს ვებგვრდის განახლება და მისი პოპულარიზაცია, რაც გაზრდის მისი ნახვების რაოდენობას.
პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ აბაშიძის ინფორმაცია რედაქციის საქმიანობის შესახებ მიღებულ იქნეს ცნობად.