არჩილ ჯორჯაძე – 150
- იანვარი 28, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 26 იანვარს, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს არჩილ ჯორჯაძეს. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსენება – „არჩილ ჯორჯაძის ცხოვრება- მოღვაწეობის ძირითადი ასპექტები“ წარმოადგინა პროფესორმა გივი ლობჟანიძემ. მომხსენებლებმა საქართველოს წინაშე არჩილ ჯორჯაძის უდიდეს ღვაწლზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ცნობილია, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი იდეოლოგი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი მოძღვრების სოციალიზმ-ფედერალიზმის ჩამოყალიბება.
არჩილ ჯორჯაძემ თავის წერილებში ჩამოაყალიბა ე. წ. საერთო მოქმედების ნიადაგის თეორია, რომელიც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების კონსოლიდაციის თეორიულ დასაბუთებას წარმოადგენდა.
კონფერენციის მსვლელობისას, გამომსვლელთა მიერ აღინიშნა, რომ არჩილ ჯორჯაძის ნაშრომები უახლოეს მომავალში წიგნად გამოიცემა, რაც მის ღვაწლს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს.