საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წელი შეუსრულდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წელი შეუსრულდა

  • ნოემბერი 2, 2026

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილე. საზეიმო ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქტო დარბაზში ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტუმრები: აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ისა ჰაბიბეილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი, აკადემიკოსი ასაფ ჰაჯიევი და

ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა.

მოხსენება: „აკადემიის 85 წლისთავი“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გააცნო საზოგადოებას. როგორც მან აღნიშნა: „ ა.წ. თებერვალში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 85 წლის შესრულდა. იგი ათეული წლების მანძილზე ედგა სათავეში ქვეყანაში მეცნიერების განვითარების საქმეს და ღირსებით აგრძელებდა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების უძველესი დროიდან  მომდინარე ტრადიციებს. მეცნიერებათა აკადემია დაარსდა  1941 წლის 10 თებერვალს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მყარი ნიადაგი მოამზადა ქართული განათლებისა და მეცნიერების დიდმა მემკვიდ­რეობამ. გამოჩენილმა, ღირსეულმა თექვსმეტმა მეცნიერმა დაუდეს საფუძველი აკადემიას. ესენი იყვნენ: ნიკოლოზ მუსხელიშვილი, გიორგი ახვლედიანი, ივანე ბერიტაშვილი, კირიაკ ზავრიევი, ფილიპე ზაიცევი, ალექსანდრე თვალჭრელიძე, კორნელი კეკელიძე, ნიკოლოზ კეცხოველი, ტარასი კვარაცხელია, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ჩუბინაშვილი, გიორგი ხაჭაპურიძე, სიმონ ჯანაშია, ალექსანდრე ჯანელიძე. აკადემიის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ნიკო მუსხელიშვილი.

XXI საუკუნის დასაწყისში აკადემიას მიენიჭა საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის სტატუსი. მისი ძირითადი მიზანია მსოფლიო მეცნიერული მიღწევების შესაბამისად ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისათვის ხელშეწყობა, მოპოვებული წარმატების წარმოჩენა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საერთაშორისო ასპარეზზე.

აკადემიას ყოველთვის მიაჩნდა, რომ მეცნიერება, სამეცნიერო ასპარეზი არასდროს იქნება გულგრილი ისეთი ფასეულობების მიმართ, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, პიროვნების ღირსება და ის ძირეული ღირებულებები, რომლებზედაც დაფუძნებულია მშვიდობა, სწავლა და ცივილიზაცია. 

ქართველი მეცნიერები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მზადაა, რომ დაიცვას ადამიანის ღირსება ეროვნული კუთვნილების, სარწმუნოების, ენის, საზოგადოებრივი წარმომავლობისა მიუხედავად, რომ ცოდნამ უნდა შეასრულოს ადამიანებს შორის ხიდის როლი. 

85 წელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან მნიშვნელოვანი თარიღია. ამ პერიოდში რამდენადმე რთული გზა გაიარა მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ. უნდა ვირწმუნოთ, რომ იგი ყოველთვის იქნება ქვეყნის  მეცნიერების სამსახურში, მეცნიერებისა, რომელიც თავის მხრივ ხალხს, ქვეყანას წარმატებით მოემსახურება“.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცეს. 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართველი მეცნიერების განსაკუთრებულ ღვაწლს და ქართული განათლებისა და მეცნიერების ხანგრძლივ ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება. 

მეცნიერებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი შიო III-ის  მისალოცი გზავნილი საზოგადოებას გააცნო  პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ. სიტყვაში ნათქვამია: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ დახმარებას უწევს და გვერდით უდგას მეცნიერების განვითარების პროცესს. მეტიც, ეკლესია თავადაც მნიშვნელოვანწილად მონაწილეობს მასში. რწმენისა და ცოდნის სინერგიამ, ურთიერთკავშირმა შესაძლებელი გახადა საუკუნეების განმავლობაში ქართულ ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე წმინდა მამების ის სულიერი და სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული მეცნიერების განვითარებას. ტაო-კლარჯეთის სავანეები, საბაწმინდა, სინას მთა, შავი მთა, ივირონი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, პეტრიწონი, გელათისა და იყალთოს აკადემიები გახლდათ არა მარტო სულიერი ცხოვრების, არამედ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები, სადაც ჩვენი დიდი წმინდა მამები მოღვაწეობდნენ და მრავალმხრივ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდნენ. სწორედ ამ განსაკუთრებული სულიერი და კულტურული საგანძურის მემკვიდრეა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც მრავალი ათეული წელია ღირსეულად აგრძელებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. 

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების საიუბილეო თარიღს, მადლობას გიხდით მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და გისურვებთ, კვლავ წარმატებით გააგრძელოთ ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოსა და მისი მომავალი თაობების სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისათვის“.

  საზოგადოებას ასევე მიმართეს სიტყვით: აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ისა ჰაბიბეილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა.

დასკვნითი სიტყვა საიუბილეო, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარმოთქვა.

აკადემიის 85 წლის იუბილე აღინიშნა არაერთი მასშტაბური და შინაარსიანი ღონისძიებით. ქვეყნის სხვადასხვა სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ გაანალიზდა ქართველი მეცნიერების მიერ განვლილი გზა და დაისახა მომავლის პერსპექტივები.

ამ ისტორიული თარიღის უკვდავსაყოფად მომზადდა და გამოიცა არაერთი ფუნდამენტური საიუბილეო წიგნი და მონოგრაფია, მათ შორის, აღსანიშნავია კრებული „ქართული მეცნიერება აკადემიის 85-ე წლისთავზე“, რომელმაც სიღრმისეულად წარმოაჩინა ჩვენი მეცნიერთა ღვაწლი. ამასთანავე, ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად მიმოქცევაში გაეშვა სპეციალური საიუბილეო საფოსტო მარკა და მოიჭრა საკოლექციო მონეტა, რაც ხაზს უსვამს აკადემიის განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ-სამეცნიერო წონას. 

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.