საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონის გეოგრაფიული ატლასის პრეზენტაცია
- ოქტომბერი 7, 2026
2026 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მომზადებული „ქვემო ქართლის რეგიონის გეოგრაფიული ატლასის“- საქართველოს რეგიონების გეოგრაფიული ატლასების სერიის მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. ვრცელი მოხსენებით აუდიტორიის წინაშე ატლასის კონცეფციის და დიზაინის ავტორი, კარტოგრაფი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილების ხელმძღვანელი გულიკო ლიპარტელიანი წარსდგა. აღსანიშნავია, რომ ამ მეტად საჭირო და ძვირფას გამოცემაზე საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ავტორებმა იმუშავეს. გამოცემის მთავარი რედაქტორები არიან: აკადემიკოსი, პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გეოგრაფიის დოქტორი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი.
ატლასი შედგება შემდეგი ქვეთავებისგან: მდებარეობა; ისტორია; ტერიტორიული მოწყობა; ბუნება; მოსახლეობა; ეკონომიკა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება და კულტურა; ტურიზმი.
ატლასი წარმოადგენს ქვემო ქართლის ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, სოციალურ-დემოგრაფიული და ეკონომიკური თავისებურებების კომპლექსურ კარტოგრაფიულ ნაშრომს. გამოცემა მოიცავს 198 გვერდს. 9 თემატური მიმართულების 154 რუკა წარმოდგენილია ტექსტურ, სტატისტიკურ და ფოტომასალასთან ერთად.
ატლასის რუკების ავტორები არიან როგორც გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლები, ისე სხვა ორგანიზაციებიდან მოწვეული მეცნიერები. რუკები შედგენილი და გაფორმებულია უახლესი – GIS ტექნოლოგიების გამოყენებით კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილების კარტოგრაფების მიერ.
ბეჭდურ გამოცემასთან ერთად, პირველად მომზადდა ატლასის ინტერაქტიული ვერსიაც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ციფრულ გარემოში გაეცნოს ატლასში წარმოდგენილ კარტოგრაფიულ და საინფორმაციო მასალას. ინტერაქტიული ატლასი განთავსდება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ვებგვერდზე.
ატლასის მომზადება და გამოცემა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.






