აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ბრიტანულ სტუდენტურ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული ინტერვიუ ჩინურ ენაზე ითარგმნა
- ნოემბერი 18, 2026
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინტერვიუ, „The Economics of the Living Dead“, გამოქვეყნდა დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო სტუდენტურ ჟურნალ The Confluence-ის 2026 წლის მე-4 ნომერში.
ინტერვიუ ეძღვნება აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ კონცეფციას – „ნეკროეკონომიკას“ (Necroeconomics), რომელიც პოსტკომუნისტური ეკონომიკური ტრანსფორმაციის თავისებურებებს, არაკონკურენტუნარიანი საწარმოების არსებობის მიზეზებსა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში გამოვლენილ ინსტიტუციურ და ქცევით ფაქტორებს განიხილავს.
ინტერვიუში მეცნიერი საუბრობს ნეკროეკონომიკის თეორიის ჩამოყალიბების ისტორიაზე, ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში ადამიანის ფაქტორის მნიშვნელობაზე და იმ წინააღმდეგობებზე, რომლებიც მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს ახლავს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მის მიერ შემოტანილ ცნებას „Homo Transformaticus“, რომელიც გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ჩამოყალიბებულ ადამიანურ ქცევით მოდელს აღწერს.
აღსანიშნავია, რომ The Confluence-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ ჩინურ ენაზე ითარგმნა და 2026 წლის 10 ნოემბერს ჰონგ-კონგში მოქმედი CORE Academy-ის (საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჩინურენოვანი პუბლიკაცია სრულად ინარჩუნებს ორიგინალი ინტერვიუს სტრუქტურასა და კითხვა-პასუხის თანმიმდევრობას.
ეს ფაქტი მნიშვნელოვანი მოვლენაა საერთაშორისო გავრცელებისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. მისი სამეცნიერო კონცეფციის უცხოენოვანი გამოცემით გავრცელება ხელს უწყობს ქართული ეკონომიკური მეცნიერების წარმოჩენას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და ქართველი მეცნიერის კვლევების ხელმისაწვდომობას ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
პუბლიკაციები:
The Confluence – „The Economics of the Living Dead“: https://www.the-confluence.org/articles/the-economics-of-the-living-dead
CORE Academy – ჩინურენოვანი თარგმანი: https://kerui.org/articlesdetails.aspx?ID=1831
