ახალი მონაცემები კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ალპური ტიპის კვარცის ძარღვების შესახებ (ხევსურეთი)

ახალი მონაცემები კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ალპური ტიპის კვარცის ძარღვების შესახებ (ხევსურეთი)

  • ნოემბერი 14, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარეობს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა, რომლის ორგანიზატორია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება. მორიგი მოხსენება – „ახალი მონაცემები ჩრდილო ფერდობის ალპური ტიპის კვარცის ძარღვების შესახებ (ხევსურეთი) წარმოადგინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ბერიძემ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – ალპური ტიპის კვარცის ძარღვები, რომლებიც ფორმირდება ტექტონიკურად აქტიურ რეგიონებში, მნიშვნელოვანი გეოლოგიური სტრუქტურებია და გვაძლევენ ცნობებს გეოლოგიურ ისტორიასა და მინერალების ფორმირების პროცესების შესახებ. ეს ძარღვები ხშირად შეიცავს სხვადასხვა მინერალს, რომლებიც გამოირჩევა კრისტალოგრაფიული თავისებურებებით და მათი შესწავლა და გენეზისის საკითხების გარკვევა მნიშვნელოვანია შემცველი ქანების გეოლოგიური ისტორიის და წარმოშობის პირობების დასადგენად.

მსოფლიოში არაერთი კვლევაა ჩატარებული ალპური ტიპის ძარღვებში რუტილისა და ბრუკიტის აღმოჩენის შესახებ, კავკასიის რეგიონში მათი მინერალიზაციის პროცესი კარგად არაა შესწავლილი.

ხევსურეთში არსებული გეოლოგიური გარემო იძლევა შესაძლებლობას განვიხილოთ ის პირობები, რომლებშიც ეს მინერალები ფორმირდება. მიუხედავად ამისა, ხევსურეთის ალპური ტიპის კვარცის ძარღვების შესახებ არსებულ ლიტერატურულ წყაროებში დეტალური მინერალოგიური და გეოქიმიური კვლევები არ მოიპოვება.

საქართველოში ალპური ტიპის კვარცის ძარღვების შესწავლის მთავარი მიზანს წარმოადგენდა პიეზოკვარცის ძიება. კვლევები ტარდებოდა საქართველოს სამხრეთი ფერდობის – გაგრა-ჯავის, მესტია-თიანეთისა და ყაზბეგ-ლაგოდეხის ზონებში.

აღნიშნული კვლევა სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ემსახურება, რადგან ჩვენს მიერ პირველად იქნა დაფიქსირებული რუტილი და ბრუკიტი. აღნიშნული კვლევა არის პირველი მცდელობა კავკასიის რეგიონში ამ მინერალების ფორმირების გარემო-პირობების და მათი გენეზისის შესახებ უფრო ფართო ცოდნის ჩამოყალიბებაში.

ხევსურეთი განლაგებულია კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში (საქართველო, კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობი), რომელიც რთული გეოლოგიური სტრუქტურებით არის წარმოდგენილი, რომელიც განიცდიდა მნიშვნელოვან ტექტონიკურ მოძრაობებს და მჭიდროდ უკავშირდება ევრაზიული და არაბული ტექტონიკური ფილების შეჯახებას, რამაც გამოიწვია კავკასიონის ფორმირება. იგი გამოირჩევა ინტენსიური ტექტონიკური აქტივობით. ტერიტორია ძირითადად აგებულია მეზოზოური და კაინოზოური ნალექებით, ასევე სუსტად მეტამორფული ქანებით – ფილიტებით.

ჩატარებული კვლევების შედეგად ალპური ტიპის კვარცის ძარღვები შესწავლილი იქნა ხევ­სუ­რეთში, მდ. არღუნის ხეობაში, რომელიც მიეკუთვნება კავკასიონის ნაოჭა სისტემის ყაზ­ბეგ-ლა­გოდეხის ზონას და აგებულია ლია­სუ­რი ასაკის საშუალო- და სქელშრე­ებ­რივი თიხა­­ფიქლებით, ასპი­დური ფიქლებით და ასევე ქვიშა­ქვე­ბისა და ალევრო­ლი­თების მორიგეობით, რომლებიც იკვეთება სხვადასხვა სიმძლავრის ფუძე შედგენილობის დაიკებით. ლიასური ნალექები დი­დი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა სიძლავრის ალპური ტიპის კვარცის ძარღვს.

ხევსურეთის ალპური ტიპის კვარცის ძარღვებისა და მათი მინერალური პარაგენეზისების დასადგენად ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:

საველე კვლევების შედეგად მოხდა ნიმუშების აღება, როგორც შემცველი ქანების  სხვადასხვა გეოლოგიური ერთეულიდან და სიმაღლეებიდან, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო მონაცემთა წარმომადგენლობითობა. პეტროგრაფიული ანალიზისთვის მომზადდა შლიფები, რის საფუძველზე დადგინდა შემცველი ქანების მინერალოგიურ შემადგენლობა (პოლარიზაციული მიკროსკოპი – OPTIKA), ხოლო გეოქიმიური ანალიზი პეტროგენული, იშვიათი და იშვიათმიწა ელემენტების შემცველობების დასადგენად XRF სპექტრომეტრის “SPECTROSCOUT” გამოყენებით. ბინოკულარის საშუალებით შესწავლილ იქნა ალპური ტიპის კვარცის ძარღვების ყველა მინერალური პარაგენეზისი და განისაზღვრა მათი კრისტალური ფორმები;

აღნიშული კვლევები ჩატარდა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის გეოლოგიური კვლევის კომპლექსურ ლაბორატორიაში.

ალპური ტიპის კვარცის ძარღვების ყველა მინერალური პარაგენეზისის რენტგენოდიფრაქციული ანალიზი (XRD) ჩატარდა პ.მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში DRON-4.07 რენტგენოდიფრაქტომეტრის გამოყენებით.

ბრუკიტისა და რუტილის ნიმუშების შესწავლა რამანის სპექტროსკოპიის გამოყენებით ჩატარდა პადოვას უნივერსიტეტში, გეომეცნიერებათა დეპარტამენტში.

კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ძარღვებში, კვარცის (ჩონჩხისებრი და კარკასული დრუზები, ასევე ცალკეული, კარგად განვითარებული კრისტალები, რომელშიც გვხვდება რუტილის, ბრუკიტის, ქლორიტის, ეპიდოტისა და თვითნაბადი ტყვიის ჩანართები) გარდა, გვხვდება კალციტი, ალბიტი, ეპიდოტი, ქლორიტი, რუტილი (გვხვდება ნემსისებრი და თმისებრი კრისტალების, ასევე ძნისებრი კონების სახით. ის შეიძლება არსებობდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე კვარცსა და კალციტში ჩანართების სახით, რაც მის კრისტალიზაციის რთულ პროცესს უსვამს ხაზს), ბრუკიტი (თავისუფალი, ფირფიტისებრი კრისტალებით, რომელთა ზომა 0.2–0.5 სმ). რაც შეეხება გალენიტის (წარმოდგენილია გალენიტითა და ცერუზიტით), ქლორიტსა და ეპიდოტს, ისინი მხოლოდ კვარცში ჩანართების სახით გვხვდება.

  • აღნიშნული კვლევებით, პირველად საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურდა რუტილისა და ბრუკიტის არსებობა ალპური ტიპის კვარცის ძარღვებში;
  • უშალოდ ალპური ტიპის კვარცის ძარღვის კონტაქტში ამაღლებული TiO2-ს შემცველობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ Ti-ს წყაროს წარმოადგენდა ჰიდროთერმული ხსანრები;
  • დადგინდა, რომ კვარცის ძარღვების შემცველ ქანში TiO2-ს შემცველობა ძარღვიდან პერიფერიისკენ თანდათანობით კლებულობს. ეს მიუთითებს, რომ TiO2-ს წყაროს ჰიდროთერმული ხსნარები წარმოადგენს;
  • საინტერესოა, რომ კვარცის კრისტალები ჩნდება მხოლოდ ჰორიზონტალურად ან ჰორიზონტალურთან ახლოს განლაგებულ ძარღვებში, ხოლო ვერტიკალური ძარღვები მასიური კვარცითაა ამოვსებული. როგორც ჩანს აღმავალ ხსნარებში ვერ ხერხდებოდა კრისტალიზაციის ცენტრების გაჩენა და შემდგომ კრისტალების ზრდა.