აკადემიკოსი მალხაზ აბდუშელიშვილი – 100
- ნოემბერი 11, 2026
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა გამოჩენილი მეცნიერის, ანთროპოლოგის, აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა გახსნა.
ვრცელი მოხსენებით მალხაზ აბდუშელიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, გამოვიდა ანთროპოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ბითაძე. მოგონებებით ასევე გამოვიდნენ: აკადემიკოსი რამაზ შენგელია, პროფესორები: ნინო მინდაძე, დიმიტრი კორძაია, გივი ღამბაშიძე , კახა ქარჩხაძე და ოთარ ცეცხლაძე.
აკადემიკოსი მალხაზ აბდუშელიშვილი დაიბადა თბილისში 1926 წლის 28 თებერვალს, მამა გრიგოლ აბდუშელიშვილი ექიმი იყო, დედა ფსიქოლოგი. მალხაზ აბდუშელიშვილი აკადემიკოსი 1993 წლიდან გახდა, სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი იყო იუნესკოს ექსპერტი, ევროპის ანთროპოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სრულიად ინდოეთის ადამიანის გენეტიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო.
აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის კალამს ეკუთვნოდა 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორისაც ორ ათეულზე მეტი მონოგრაფიული ხასიათისაა. შრომები შეეხებიან თანამედროვე ანთროპოლოგიის თითქმის ყველა აქტუალურ პრობლემას. მისი მოღვაწეობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ისტორიული ანთროპოლოგია ანუ ქართველი ხალხის, კავკასიისა და ინდოეთის ხალხების ანთროპოლოგიური ისტორია. ის ერთნაირი წარმატებით იკვლევდა როგორც ძველი, ისე თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიურ თავისებურებებს, რაც მას საშუალებას აძლევდა თვალი მიედევნებინა საკვლევი ხალხების წარმოშობის ჩამოყალიბებისა და ისტორიის თავისებურებებს უძველესი დროიდან დღემდე.
საქართვლოს უძველესი მოსახლეობის ანთროპოლოგიური ისტორიის შესწავლამ აბდუშელიშვილი მიიყვანა კავკასიის მოსახლეობის ასეთივე დეტალური შესწავლის აუცილებლობამდე. მთელი კავკასიის ტერიტორიაზე პალეოანთროპოლოგიური მასალების მოპოვებასა და შესწავლას მან ორმოცამდე წელი მოანდომა. მისი შრომების არანაკლებ მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენდნენ საქართველოს, კავკასიისა და ინდოეთის თანამედროვე მოსახლეობის შესწავლისადმი მიძღვნილი გამოკვლევები.
მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველი და კავკასიის ხალხის ანთროპოლოგიური ისტორიის ეტაპების მორფოლოგიურ ჭრილში წარმოჩენა. მათი ანთროპოლოგიური ტიპების ადგილის განსაზღვრა ზოგად რასობრივ სისტემატიკაში და სხვა. ბატონი მალხაზი იყო ქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.




