აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი

აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი

  • ნოემბერი 10, 2026
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ ნატრიაშვილი.
თამაზ ნატრიაშვილი დაიბადა 1950 წელს, 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი შიგაწვის ძრავების სპეციალობით. ამავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა უფროსი ტექნიკოსიდან ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობამდე, რომელზეც არჩეული იქნა 2006 წელს და დღემდე იკავებდა ამ პოზიციას. 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
თამაზ ნატრიაშვილი 2018 წელს არჩეული იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.
აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილს მნიშვნელოვანი შრომები და ინოვაციური მიგნებები ჰქონდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორებიცაა საავტოტრაქტორო შიგაწვის ძრავების ექსპლუატაცია მთიან და მაღალმთიან პირობებში, წყალბადზე შიგაწვის ძრავების კონვერტაცია, სამანქანო სისტემებში დარტყმითი მოვლენების პარამეტრების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდების დამუშავება, ხახუნისა და ცვეთის პრობლემები სამანქანო სისტემებში და სხვა. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მრავალ მნიშვნელოვან პროექტს მანქანათმშენებლობის დარგში. ბოლო დროს იგი იყო პრიორიტეტული პროგრამის „ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობასა და სატრანსპორტო სისტემებში“ კოორდინატორი. აღნიშნული პროგრამა ეხება როგორც სამოქალაქო, ისე თავდაცვის სფეროს და უმნიშვნელოვანესია ისეთი რელიეფის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. მანქანებში დარტყმითი პროცესების შესწავლის საფუძველზე მის მიერ მიღებული პატენტები საშუალებას იძლევა შეიქმნას მცირე ლითონშემცველობისა და ენერგომოხმარების მანქანები.
აკადემიკოსი ნატრიაშვილი იყო 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის, 7 მონოგრაფიის და 11 გამოგონების) ავტორი. მისი სამეცნიერო ღვაწლი აღინიშნა 2012 წელს საქართველოს ეროვნული პრემიით მეცნიერების დარგში, ხოლო 2024 წელს იგი დაჯილდობებული იქნა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც იგი წლების მანძილზე ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ქართული ინჟინერიის მეცნიერულ სიახლეებს უშურველად გადასცემდა სტუდენტურ აუდიტორიას.
აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოს საინჟინრო მეცნიერებისათვის – აქტიურად მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერი თანამედროვე საინჟინრო კვლევების ავანგარდში იდგა.
თამაზ ნატრიაშვილი იყო უაღრესად კეთილშობილი, კოლეგებისა და თანამშრომლებისადმი ყურადღებიანი, კეთილგანწყობილი და მეგობრული პიროვნება. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია მისი თანამშრომლების, კოლეგებისა და სტუდენტებისათვის.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიები განყოფილება