საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს ყველა მეცნიერს!

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს ყველა მეცნიერს!

  • ნოემბერი 10, 2026

10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 2001 წელს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია – UNESCO-ს ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია მეცნიერების როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია, საზოგადოებაში მეცნიერული ცოდნის მნიშვნელობის გააზრება და მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის კავშირების გაძლიერება.

მეცნიერების საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მეცნიერება კაცობრიობის პროგრესის, მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. იგი ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნას, გლობალური გამოწვევების დაძლევასა და ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით“. იგი ხაზს უსვამს მეცნიერების განსაკუთრებულ როლს ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის დიალოგის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის განვითარებაში, საერთო გამოწვევების გადასაჭრელად ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანების მნიშვნელობას.

ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწევებისთვის ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერები დაჯილდოვდნენ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განსაკუთრებულად ულოცავს აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და აკადემიკოს მინდია უგრეხელიძეს დამსახურებულ ჯილდოებს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ვულოცავთ ყველა დაჯილდოებულ მეცნიერს ამ მნიშვნელოვან აღიარებას, ხოლო მეცნიერებს – პროფესიულ დღესასწაულს! ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას, ახალ აღმოჩენებსა და წარმატებებს, ქართული მეცნიერების განვითარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი ღირსეული ადგილის დამკვიდრების საქმეში.

გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს!

https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/saqartvelos-ganatlebis-metsnierebisa-da-akhalgazrdobis-saministroshi-metsnierebis-saertashoriso-dghisadmi-midzghvnili-sazeimo-ghonisdzieba-gaimarta-