ელენე აბაშიძე – 100
- მარტი 22, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 18 მარტს, გაიმართა გეოლოგია, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ელენე აბაშიძის 100 წლის იუბილე. საზეიმო სხდომა, შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ერეკლე გამყრელიძემ. მოხსენება – „ელენე აბაშიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წარმოადგინა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით კერესელიძემ; შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებს, მოგონებებს და მისალემებებს. გამოჩენილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორია, იგი ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი; უარყო და რადიკალურად შეცვალა ორსაუკუნოვანი, მსოფლიოში გაბატონებული კირქვის ნაპრალების ზედაპირების ხსნადობის მცდარი მეთოდი და მოგვცა ახალი, როგორც კვლევის მეთოდი, ასევე მისი განზომილება.
აშშ ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში.
სხდომის დასასრულს, სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლმა დავით თარხან-მოურავმა ქალბატონ ელენეს ქეთევან დედოფლის მედალი გადასცა.