საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
- აპრილი 1, 2022
მიმდინარე წლის 25 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; მომხსენებლებს შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ასევე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). გამომსვლელებმა ავტოკეფალიის მნიშვნელობასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე ეკლესიის უდიდეს როლზე გაამახვილეს ყურადღება. აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის ცალკეულ პერიოდებზე, კერძოდ, ავტოკეფალიის მიღება, დაკარგვა თუ აღდგენაზე.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ აკადემიკოს როინ მეტრეველს ქართულ ისტორიოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მეფე ერეკლეს სამეფო ორდენი გადასცა, ხოლო საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ კი, ცნობილი ქართველი მეცნიერი წმინდა გიორგის ნიშნით დააჯილდოვა.