აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე დაჯილდოვდა „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედლით

აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე დაჯილდოვდა „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედლით

  • ივნისი 21, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების გამგე, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი კავკასიოლოგი ზაზა ალექსიძე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედლით.

აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს აკად. ზ. ალექსიძის ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის საერთაშორისო დონეზე აღიარების კიდევ ერთ მკაფიო დადასტურებას. საყოველთად ცნობილია აკად ზ. ალექსიძის პირველხარისხოვანი ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება შუა საუკუნეების ქართულ-სომხური პოლიტიკისა და კულტურული ურთიერთობების შესწავლას, ქართული ხელნაწერული მემკვიდრეობის კვლევას. მის სახელთანაა დაკავშირებული ალბანოლოგიის – კავკასიის ალბანეთის ენის, ისტორიის და კულტურის კვლევის სრულიად ახალი ეტაპის შექმნა. სამეცნიერო ინტერესების მრავალფეროვნებამ, ინტერდისციპლინარული კვლევების თვალსაჩინო შედეგებმა მალევე გაიკვლია გზა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ზაზას უაღრესად მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.