ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- ივნისი 23, 2022
მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენება, – „ქვათა ღაღადი XXI საუკუნის საქართველოში“, წარმოადგინა მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ. საკითხი შეეხო მეტად მტკივნეულ და აქტუალურ თემას. კერძოდ, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ღირსება-ზნეობისგან დაცლილმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველ ერს გაუბედა და მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, სათაყვანებელი მეფის, – დავით აღმაშენებლის უნიკალური ძეგლი თბილისის შუაგულიდან ქალაქის შემოსასვლელში, დიღმის ავტომაგისტრალზე გადაიტანა.
ქართველებისადმი ეს ყოველმხრივ შეურაცხმყოფელი ქმედება ჩადენილი იქნა ქართველი ხალხის და ამ მონუმენტის შემქმნელის, დიდებული მოქანდაკის, – მერაბ ბერძენიშვილის ნების საწინააღმდეგოდ.
ანტიქართულმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა წინამძღოლმა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წელს, დეკემბერში, ქალაქ ქუთაისში, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალი“ ააფეთქა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ჩადენილი ვანდალიზმის გამო „დემოკრატიულ“ მსოფლიოს კრინტი არ დაუძრავს, რადგან მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ მოვლინებულ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა!
ზემოთხსენებული ბარბაროსობა მხოლოდ ახირებით და შემთხვევით არ მომხდარა, მათ სურდათ იმ მოწიწების, პატივისცემის და სიყვარულის განადგურება, რაც ქართველ ხალხს დავით აღმაშენებლისადმი გააჩნდა და დღესაც გააჩნია!
მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „მჯერა, რომ ვახმოვანებ ქართველი ერის სურვილს და თხოვნას, – დავით აღმაშენებლის ძეგლი დაუბრუნდეს დედაქალაქის უმშვენიერეს ადგილს, ხოლო ქანდაკების ასლი დაიდგას დიდგორში. ამავდროულად, ქალაქ ქუთაისში აღდგეს მსოფლიო მნიშვნელობის, მშვიდობისადმი და ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი “დიდების მემორიალი“.
სხდომამ დაადგინა – შეიქმნას კომისია აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ხელმძღვანელობით და აკადემიკოსების: რამაზ ხუროძის, როინ მეტრეველის, ელიზბარ ჯაველიძის, თამაზ შილაკაძის და მწერალ ჯემალ დავლიანიძის შემადგენლობით; ხოლო, კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა, შემდგომში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას წარედგინოს.