მთამსვლელთა ხსოვნის საღამო
- ოქტომბერი 10, 2022
ამბობენ ალპინიზმი უფრო მეტია, ვიდრე სპორტის ერთი რიგითი სახეობაო. შეიძლება ითქვას, მეცნიერებასთან სპორტის მრავალი სახეობიდან ყველაზე ახლოს სწორედ მთამსვლელობაა. ამ ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ საინტერესო შეხვედრაზე. ეს იყო ხსოვნის საღამო, რომელიც მიეძღვნა ნახევარი საუკუნის წინ, ხადის ხეობაში ტრავერსის დროს ტრაგიკულად დაღუპული სამი ქართველი, ახალგაზრდა ალპინისტ-მეცნიერის: ზაურ მიქაძის, გურამ ლოგუას და ლომერ ჯინჭველაშვილის ნათელ ხსოვნას. ეს შემზარავი ტრაგედია, 1972 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. მეცნიერებათა აკადემიაში საღამოს ორგანიზატორები იყვნენ: აკადემიის “მთის კომისია” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბი. ამ მადლიანი საქმის მოთავე კი, გვანჯი მანია იყო. სხდომას უძღვებოდა აკადემიკოსი ავთანდილ არაბული. მრავალრიცხოვანი მსმენელის წინაშე, შთამბეჭდავი მოგონებებით წარდგნენ ზაურ მიქაძის, გურამ ლოგუას და ლომერ ჯინჭველაშვილის მეგობრები, მეცნიერ-მუშაკები და ვეტერანი სპორტსმენები. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპული მეცნიერი-ალპინისტების დედმამიშვილები და სხვა ახლობლებიც. როგორც ითქვა, მთებთან ჭიდილში 70 ქართველი ალპინისტი ყოფილა სხვადასხვა დროს დაღუპული. გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიქმნას ერთიანი მემორიალი. მომავალ 2023 წელს, ხომ ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება.