მურმან ლებანიძე -100
- ნოემბერი 21, 2022
2022 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით, დიდი ქართველი პოეტის, მურმან ლებანიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა.
იუბილე შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, პოეტის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აკადემიკოსებმა როინ მეტრეველმა და ავთანდილ არაბულმა. საღამოს წამყვანი გახლდათ პოეტი დავით შემოქმედელი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მანგლელი მიტროპოლიტი, მეუფე ანანია (ჯაფარიძე). შემდეგ კი, ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მხატვრული კითხვის ოსტატები, მსახიობები: მურმან ჯინორია, ელდინო საღარაძე და გია ჯაფარიძე, პოეტები ლია სტურუა და მაყვალა გონაშვილი, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე, მურმან ლებანიძის მეგობარი რეზო ნოდარიშვილი, დიდი პოეტის შვილი ზაზა ლებანიძე. საღამოზე ასევე გაჟღერდა მომღერლების ზურა დოიჯაშვილის, თემურ წიკლაურისა და გოგი დოლიძის მიერ შესრულებული მურმან ლებანიძის ლექსებზე შექმნილი ყველასთვის საყვარელი სიმღერები: „მელიქიშვილის გამზირი“, „გაზაფხული შემოსულა, ლენ“ და სხვ. საიუბილეო საღამო დააგვირგვინა ბავშვთა ანსამბლ „ალილოს“ „მრავალჟამიერმა“.