აკადემიკოსი გივი ცინცაძე – 90
- მაისი 9, 2023
მიმდინარე წლის 21 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. გივი ცინცაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ; სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და სხვ.
გივი ცინცაძე წლების მანძილზე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ (ქიმიის სერია) და ასევე – „მეცნიერება და ტექნოლოგიების“ სარედაქციო კოლეგიების წევრი. მისი მეცნიერული მოღვაწეობის დიაპაზონი ფართო და მასშტაბურია. მისმა სამეცნიერო შრომებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში. მის მრავალრიცხოვან სამეცნიერო ნაშრომებს შორისაა 16 მონოგრაფია, 14 სახელმძღვანელო და 8 საავტორო მოწმობა.
ათეული წლების მანძილზე, იგი ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. გივი ცინცაძის მრავალრიცხოვანი პრემიები და წოდებები იმ ღვაწლის დადასტურებაა, რომელსაც ის წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომით ქმნიდა.
თავისი შრომის საოცარი უნარით – „წარსულის დიდ კაცებსაც ჰგავდა და მომავლის მოქალაქეც იყო“.
სხდომის დასასრულს, გივი ცინცაძის შვილმა მაია ცინცაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მამის სათანადო დაფასებისთვის.