საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
- მაისი 17, 2023
მიმდინარე წლის 4 და 5 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოსების ერეკლე გამყრელიძისა და დავით შენგელიას 90 წლის იუბილეს. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. ქართული გეოლოგიური სკოლის უთვალსაჩინოესმა წარმომადგენელმა, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატმა, აკადემიკოსმა ერეკლე გამყრელიძემ ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი შრომით დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში გეოლოგიური მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების და, პირველ რიგში, მისი უმნიშვნელოვანესი დარგის – ტექტონიკის განვითარებაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი ერეკლეს მიერ, აკადემიკოს დავით შენგელიასთან ერთად, კავკასიის ალპურამდელი კრისტალური სუბსტრატის მრავალმხრივი შესწავლა, რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად შეიცვალა არსებული წარმოდგენები ამ სუბსტრატის სტრუქტურისა და მისი ამგები ქანების ასაკის, ურთიერთდამოკიდებულებისა და წარმოშობის გეოდინამიკური პირობების შესახებ. მისი შრომები, რომელთა რაოდენობა 230-ს აღემატება (მათ შორის 10 მონოგრაფიაა, და აქედან 4 უცხოეთშია გამოცემული), გამოქვეყნებულია მსოფლიოს სხვადასხვა მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებსა და გამოცემებში. ამასთან იგი არის 90–ზე მეტი ხელნაწერი შრომის (გეოლოგიური ანგარიშების) ავტორი.
2021 წელს გამომცემლობა „შპრინგერში“ დაიბეჭდა მისი წიგნი „საქართველოს გეოტურისტული პოტენციალი“ თანაავტორებთან ერთად.
აკადემიკოსი ერეკლე გამყრელიძე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილებას, არის ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბის“ სარედაქციო საბჭოსა და რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
რაც შეეხება აკადემიკოს დავით შენგელიას, იგი არის გეოლოგიის უმნიშვნელოვანესი დარგის პეტროლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პეტრომინერალოგიური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ: თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თამარ წუწუნავა, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი, აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე, პროფესორები: ნოდარ ფოფორაძე, გურამ ქუთელია, გოგი მაღალაშვილი და სხვ.