ჰაფიზ ფაშაევის წიგნის – „ერთი ელჩის მანიფესტი“ წარდგენა
- მაისი 25, 2023
მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აზერბაიჯანელი დიპლომატის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ელჩის ჰაფიზ ფაშაევის წიგნის – „ერთი ელჩის მანიფესტი“ წარდგენა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ წიგნის ავტორი ჰაფიზ ფაშაევი, დიპლომატები თედო ჯაფარიძე და ზურაბ გუმბერიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი დავით თავხელიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, წიგნის მთარგმნელი ელდარ ბაირამოვი და სხვ.
ჰაფიზ ფაშაევი არის ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის, გამოჩენილი მეცნიერისა და პედაგოგის მირ ჯალალ ფაშაევის შვილი და წიგნის სათაურის არჩევანიც დაკავშირებულია მამამისის ცნობილ რომანთან – „ახალგაზრდა კაცის მანიფესტი“.
1992-2006 წლებში აშშ-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ელჩის თანამდებობაზე მოღვაწე ჰაფიზ ფაშაევმა ამ წიგნში თავი მოუყარა თავის მოგონებებსა და შეხედულებებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი სტრატეგიული პარტნიორობის ამაღლების შესახებ.
წიგნი, რომელიც დაიწერა ვაშინგტონში აზერბაიჯანის საელჩოს გამოცდილებასა და ავტორის მდიდარ პერსონალურ შთაბეჭდილებაზე დაფუძნებით, ფართო სპექტრის თემებთან ერთად მოიცავს მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებისა და ტენდენციების საინტერესო დეტალებს.