თურქმენეთის ელჩის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში
- იანვარი 31, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა შეხვედრა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დოვლეტმირატ სეიტმამმედოვთან და საელჩოს მეორე მდივან – ატამურატ ბალიბაევთან. შეხვედრას მასპინძლობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ახმეტელი და სხვ.
სტუმრებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუშაობის, მისი სამეცნიერო განყოფილებებისა და სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია გააცნო აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ბატონი როინის თქმით, აკადემია ყოველთვის გამოთქვამს მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობის მზაობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქმენეთში ყოველწლიურად, ივნისში აღინიშნება მეცნიერის დღე.
თურქმენეთის ელჩმა დოვლეტმირატ სეიტმამმედოვმა საუბარში აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაგეგმილია საქართველოში თურქმენეთის კულტურის დღეების გამართვა, რომელიც მიეძღვნება გამოჩენილი თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, კონცერტი და გამოფენა. ამავდროულად, ქალაქ აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნება.
შეხვედრის ბოლოს, დაისახა ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები.