თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 106 წლისაა
- თებერვალი 8, 2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, 8 თებერვალს, თსუ-ს 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყვავილებით შეამკეს თსუ-ს პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით 1918 წლის 8 თებერვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. „ვულოცავ ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილეს. უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან, უნივერსიტეტი იქცა არა მხოლოდ განათლების ცენტრად, არამედ, ზოგადად, მეცნიერების განვითარების მთავარ კერად მე-20 საუკუნის საქართველოში. მაგრამ ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მაინც ის არის, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს უნივერსიტეტი ინარჩუნებდა მთავარ ნაციონალურ იდეას, რომელზეც გასული საუკუნის 90-იან წლებში ახალი სახელმწიფო დაფუძნდა. სწორედ ესაა უნივერსიტეტის უპირველესი მისია,“- განაცხადა რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.