ჰერმან პარცინგერს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომი გადაეცა
- აპრილი 8, 2024
საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი არქეოლოგი, ჰერმან პარცინგერი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია. აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გამოჩენილ მეცნიერს გადასცა დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ ჰერმან პარცინგერი 2023 წლიდან აკადემიის პრეზიდიუმის მიერ არჩეულ იქნა აკადემიის უცხოელ წევრად.
შეხვედრას, რომელზეც განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი. აკადემიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ, აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ და აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ სტუმრებთან ერთად განიხილეს ის პროექტები, რომლებიც ქართველი და გერმანელი მეცნიერების თანამშრომლობით ხორციელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბატონი პარცინგერისა და ქართველი არქეოლოგების თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზაობა, გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ორი ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით.