ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- აპრილი 15, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ზვიად გამსახურდიას დაბადების 85 წლისთავისადმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაციისადმი მიძღვნილი საკითხები. მომხსენებლები გახლდნენ: პოლიტოლოგი, პუბლიცისტი გიორგი გიგაური და მწერალი ჯემალ დავლიანიძე.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგ, კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის პოლიტიკურ-სამართლებრივი მემკვიდრეობა, რომელიც ქართველმა მეცნიერმა, ფილოლოგმა, მწერალმა, მთარგმნელმა, პოლიტიკოსმა, დისიდენტმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, ეროვნულმა გმირმა და საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ერს დაუტოვა. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მაშინდელი მოვლენები ამგვარად აისახება: ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 28 ოქტომბერს თავისუფალი არჩევნები ჩაატარა და ხელისუფლებაში „მრგვალი მაგიდის“ ეროვნული კოალიცია მოვიდა. 1991 წლის 31 მარტს კი, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა და ამომრჩეველთა 98%-იანი თანხმობა მიიღო. ხოლო, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენასმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წლის 26 მაისს კი, პირველი თავისუფალი საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 87%-ით ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა და საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.
მოხსენებამ დამსწრე საზოგადოებას შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.