პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადების 110 წლის იუბილე
- აპრილი 29, 2024
გამოჩენილ აფხაზ ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის პრემიების ლაურეატს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. ვრცელი მოხსენება გიორგი ძიძარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ წარმოადგინა.
პროფესორმა გიორგი ძიძარიამ საქვეყნოდ გაითქვა სახელი, როგორც აფხაზეთის ახალი ისტორიის გამოჩენილმა მკვლევარმა. მისი სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული აფხაზეთის სახალხო განათლებისა და უმაღლესი სკოლის ისტორიასთან. იგი აღიარებულია უმაღლესი სკოლის გამოჩენილ პედაგოგად და ხელმძღვანელად. დიდია პროფესორ გიორგი ძიძარიას პირადი წვლილი მეცნიერ-მკვლევართა კვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის დღიდან იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა სასწავლებელთან, სადაც აფხაზეთის ახალი ისტორიის კურსს კითხულობდა, იყო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფესორი გიორგი ძიძარია იყო სახელმწიფო მოღვაწე. 1959-1962 წლებში მას აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
გიორგი ძიძარიამ მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა. მისი პუბლიკაციების ბიბლიოგრაფია 400-ზე მეტ ერთეულს შეიცავს. ზოგიერთ ნაშრომს საეტაპო მნიშვნელობა აქვს, როგორც სწავლულის მეცნიერულ შემოქმედებაში, ასევე აფხაზეთის ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლა-გაშუქების თვალსაზრისით.
გიორგი ძიძარიამ დიდი წვლილი შეიტანა ისტორიული მეცნიერების განვითარებაში. მისი ამაგი სათანადოდ დაფასდა და 1974 წელს, იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად იქნა არჩეული. გამოჩენილი მეცნიერის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული.