თბილისში აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
- მაისი 13, 2024
მიმდინარე წლის 2 მაისს, ქალაქ თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის 8 ნომერში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ (ალეკო) თავხელიძის (1930-2010) მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე, აკადემიკოსები: ვლადიმერ ციციშვილი, ალექსანდრე კვინიხიძე, აკადემიის სხვა წარმომადგენლები და ალბერტ თავხელიძის ოჯახის წევრები.
პატივი მიეგო მსოფლიოში სახელგანთქმული პიროვნების ალბერტ (ალეკო) თავხელიძის მარადიულ ხსოვნას. ეს გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც თავისი ცხოვრება წარმატებით, მეცნიერებაზე ზრუნვით და ადამიანების სამსახურში გაატარა. გამომსვლელების მიერ ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მისი პრეზიდენტობის (1986-2004) წლებში, საქართველოსთვის უმძიმეს დროს, იგი მაღალი ღირსებით უძღვებოდა მეცნიერებათა აკადემიას.
აღსანიშნავია, რომ ალბერტ თავხელიძე იყო თსუ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დამაარსებელი, მეცნიერ-ხელძღვანელი და შემდეგ დირექტორი. მას ფუნდამენტური მეცნიერული შედეგები ჰქონდა ველის კვანტური თეორიის, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის დარგში.
შთამომავლობა ღირსეულ პატივს მიაგებს დიდ მეცნიერს.