კავკასიის უნივერსიტეტსა (ყარსი) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
- მაისი 20, 2024
მიმდინარე წლის 15 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შეხვედრა თურქეთის ქალაქ ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრას აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ: პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვალედიმერ პაპავა, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატალი სიდამონიძე.
თურქეთის მხრიდან დელეგაციის წევრები გახლდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰუსნუ ქაფუ, პრორექტორი ენგინ ქილიჩი, პროფესორები: ეროლ აიდინი და როინ ყავრელიშვილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თურქეთ-საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, აღინიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა განვითარდეს და გაგრძელდეს. როგორც კავკასიის უნივესრიტეტის რექტორმა ჰუსნუ ქაფუმ აღნიშნა, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 14 ფაკულტეტი და კონსერვატორიაც. სტუდენტების რაოდენობა 2400-ია. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებენ ქართველ სტუდენტებს სტაჟირების გასავლელად. აღსანიშნავია, რომ ყარსის კავკასიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს ქართველი პროფესორი როინ ყავრელაშვილი.
შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე.
მემორანდუმი ითვალისწინებს და მისი მიზანია განახორციელოს ერთობლივი პროექტები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების დარგებში, ჩაატაროს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები და გამოსცეს ერთობლივი პუბლიკაციები, ურთიერთშორის გაცვალოს სამეცნიერო პერსონალი ყველა დონეზე, განახორციელოს ერთობლივი სამეცნიერო და ტექნიკური ექსპედიციები, ჩაატაროს სამეცნიერო შეხვედრები, განახორციელოს ორივე დაწესებულებისთვის შესაბამისი სარეკლამო აქტივობები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ხოლო თურქეთის კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა, პროფესორმა ჰუსნუ ქაფუმ.