ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 25, 2024
2024 წლის 19 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,ჰორიზონტი ევროპა’’ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში’’, წარდგა ბატონი ლევან ხეცურიანი – ‘’ჰორიზონტი ევროპა’’ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი.
,,ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა სვეტებისა და კლასტერების მიხედვით დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსები. კერძოდ, აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ: ლუკა ქემოკლიძე – ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საპროექტო განაცხადების მომზადებისას; ნინო როდონაია – ,,გაფართოების ჰორიზონტალური სვეტი (WIDENING) და კონკურსი Hop-On’’; ეკატერინე სანაია – ,,ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები’’; თამარ ბერბერაშვილი – ,,კულტურული მემკვიდრეობის, სამოქალაქო უსაფრთხოების, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცხადებული კონკურსების მიმოხილვა’’ და მაკა ჟორჟოლიანი – ,, მეხუთე და მეექვსე კლასტერების მიმოხილვა’’.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, აკადემიკოსები, ცენტრის წევრები და მოწვეული სტუმრები.
მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების კითხვებს. ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა ინტერესი გამოხატეს სხვადასხვა თემების მიმართ. დაიგეგმა კონკრეტული თემატური შეხვედრები, რათა რეალისტური გახდეს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობა და ევროპული პროექტების კონკურსებში დაფინანსების მოპოვება და სხვადასხვა დარგის განვითარება.