აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მორიგი წარმატება
- ივლისი 5, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის მიწვევით, ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის 2024 წლის 10-დან 20 ივნისის ჩათვლით საჯარო ლექციები და სამეცნიერო სემინარები ჩაატარა ჩინეთის სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში: ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტში (ქალაქი უჰანი); აღმოსავლეთ ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტში (ქალაქი შანხაი) და ჟეჯიანგის ნორმალის უნივერსიტეტში (ქალაქი ჯინჰუა). სემინარების თემა გახლდათ: ,,ინოვაციური მეცნიერება წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვასა და სამოქალაქო მშენებლობაში“. სემინარების შემდგომ ჩატარდა პროფესიული ორდღიანი ექსკურსია – Enshi Grand Canyon, Hubei province.
დოქტორანტებისა და მაგისტრებისათვის განსაზღვრულ სალექციო კურსში და სამეცნიერო სემინარებზე კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, განხილული იყო ჩვენი პლანეტის უსაფრთხოების მისაღწევად ისეთი მეცნიერული შედეგები, როგორიც არის: მთის ლანდშაფტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაცვისათვის ინოვაციური ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მშენებლობისათვის თეორიული, ლაბორატორიული, საველე კვლევების განხორციელება, კონსტრუქციის დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდოლოგიის დამუშავება და მთის ლანდშაფტებში მისი მშენებლობა; თოვლის ზვავების საწინააღმდეგო ინოვაციური ნაგებობები და მისი მშენებლობისათვის მეცნიერული მეთოდოლოგიის დამუშავება და მშენებლობა; ზღვის სანაპირო ზოლში მაღლივი კორპუსების მშენებლობისათვის ფუნდამენტიდან გრუნტის წყლების მოცილებისათვის სამიარუსიანი კომბინირებული ინოვაციური დრენაჟის გამოყენებისათვის მეცნიერული რეკომენდაციების დამუშავება; მთის ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო ინოვაციური ბიო-საინჟინრო ღონისძიებების პრეზენტაცია, მათი საიმედოობის შეფასება და ა.შ.
ოფიციალური შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასთან, ფაკულტეტების დეკანებთან და პროფესორებთან.
ასევე შედგა ონლაინ-შეხვედრა ზუმის პლატფორმით ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის სამთო კატასტროფებისა და გარემოს ინსტიტუტის ხელმძღვანელთან პროფესორ კაიჰენგ ჰუსთან. პროფესორმა ჰუმ აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მიიწვია მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე თემაზე: „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“ – ძირითადი (Keynote) მოხსენების გასაკეთებლად ქალაქ ჩენგდუში (ჩინეთი), რომელიც 2024 წლის 23-დან 27 სექტემბერის ჩათვლით ჩატარდება.