ღვარცოფების მსოფლიო VIII კონფერენცია საქართველოში გაიმართება
- ოქტომბერი 7, 2024
2024 წლის 20-28 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ჩენგდუში (ჩინეთი, სიჩუანის პროვინცია) ღვარცოფების მსოფლიო VII კონფერენციაზე – „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 16 ქვეყნის 150 პროფესორი და ჩინეთში გარემოს დაცვის დარგში მომუშავე ცნობილი ინჟინერ-სპეციალისტები.
აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მსოფლიო ფორუმის პლენარულ სხდომაზე წარსდგა მოხსენებით: „საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება და კონტროლი თანამედროვე ინოვაციური ნაგებობებით“. საკითხი, რომელიც აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა განიხილა მსოფლიო ფორუმზე, როგორც საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოებისათვის არის ცნობილი ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ხსენებულმა საკითხმა ფორუმის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია რაც დაფიქსირდა პრეზენტაციის შემდეგ დასმული შეკითხვების სიმრავლით. უნდა აღინიშნოს, რომ ღვარცოფული პროცესების რეგულირება ტრამპლინის ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობებით მსოფლიოში წარმოადგენს ინაოვაციურ მიმართულებას, რომელიც პირველად დამუშავდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტში, ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, რომელსაც წელს 2024 წლის 19 ივლისს დაარსებიდან 99 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ ინსტიტუს 2005 წლიდან წარმატებით ხელმძღვანელობს აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, რომელიც აკადემიკოსების – ცოტნე მირცხულავასა და ოთარ ნათიშვილის ღირსეული მოსწავლე და მათი მეცნიერული მიმართულებების აქტიური გამგრძელებელია. აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი გარდა მომხსენებლის სტატუსისა, მსოფლიო ფორუმზე სამეცნიერო კომიტეტის წევრი და ორი პლენარული სექციის ხელმძღვანელი იყო.
პირველი პლენარული სხდომის ბოლოს აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი წარსდგა მეორე მოხსენებით სადაც მან წარადგინა ჩვენი ქვეყანა შემდეგი მსოფლიო VIII ღვარცოფების კონფერენციის საქართველოში მოწყობის ინიციატივით, თუმცა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაზე პრეტენზია ასევე განაცხადეს – პერუს, მონაკოს და ავსტრიის მეცნიერ-სპეციალისტებმა. ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით უპირატესობა დაიმსახურა აკადემიკოს გივი გავარდაშვილის წარდგინებამ და ღვარცოფების მსოფლიო VIII კონფერენცია 2025 წლის 6-10 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება, რომელიც მიეძღვნება პოლონური წარმოშობის ინჟინრის ბოლისლავ სტატკოვსკის დაბადებიდან 200 წლისთავს. მას დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოში ღვარცოფმცოდნეობის მეცნიერულ განვითარებაში და საავტომობილო თუ სარკინიგზო დერეფნების დაპროექტებაში.