კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად
- ოქტომბერი 22, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად:
- ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია – მათემატიკისა და მექანიკის დარგში (5000 ლარი)
- მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია – გეოფიზიკის დარგში (3000 ლარი)
- კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია – სამშენებლო მექანიკის დარგში (3000 ლარი)
- გიორგი ციციშვილის სახელობის პრემია – ქიმიის დარგში (3000 ლარი)
- პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია – ბიოქიმიის დარგში (3000 ლარი)
- გრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია – ქირურგიის დარგში (3000 ლარი)
- ოთარ ნათიშვილის სახელობის პრემია – მელიორაცია-ჰიდროტექნიკის დარგში (3000 ლარი)
- შალვა ამირანაშვილის სახელობის პრემია – ხელოვნებისა და კულტურის დარგში (3000 ლარი)
- სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია – კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის დარგში (3000 ლარი)
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი), რომელიც საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.
კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.
პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.
ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, ამ კონსკურსში არ მიიღება.
ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.
იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსაპოვებლად წარმოადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.
კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;
ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახასიათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;
(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზოგადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).
გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეცნიერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;
დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.
ე) ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.
მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2024 წლის 16-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, ოთახი 320. საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100 – დან 1700 საათამდე.
დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 2-99-00-52