საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- ოქტომბერი 23, 2024
2024 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მთის კომისიის სხდომა. სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ განვლილ პერიოდში (2024 წ.) შესრულებული სამუშაოების ანგარიში. ანგარიში ძირითადად მთის მოსახლეობის პრობლემებს ეხებოდა.
მოხსენებები წარმოადგინეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დიდიძემ. დამსწრე საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა მოხსენებაში მოყვანილ ფაქტებს, კერძოდ, მთის დასახლებებში გზების და გაზმომარაგების კომუნიკაციების მშენებლობა-მოწყობას.
სხდომაზე სვანეთისა და თუშეთის წარმომადგენლების მიერ დასმული იყო საკითხი ლენტეხი-მესტიის და ხადორი-წოვათუშეთის სატრანსპორტო გვირაბების მშენებლობის დაწყების შესახებ. ამ დროისათვის ლენტეხი-მესტიის გვირაბის პროექტირება დამთავრებულია.
მოთხოვნის ავტორებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ არსებული (უკვე შესრულებული სამუშაოების მიხედვით) გზა ლენტეხი-უშგული-მესტია მხოლოდ სეზონური დანიშნულებისაა, რაც აფერხებს მთის რაიონების (სვანეთის, რაჭის და ლეჩხუმის) სოციალ-ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას.