აკადემიკოს ვალერი ასათიანის მოხსენება ვატიკანის ბიბლიოთეკაში

აკადემიკოს ვალერი ასათიანის მოხსენება ვატიკანის ბიბლიოთეკაში

  • თებერვალი 7, 2025

2025 წლის 29 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომაზე, მოსმენილ იქნა აკადემიკოს ვალერი ასათიანის მოხსენება ვატიკანის ბიბლიოთეკაში სამეცნიერო მივლინების შესახებ.

„საქართველოსა და იტალიის ურთიერთობების შესწავლის საკითხებს სხვადასხვა თაობის ქართველ მეცნიერთა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიეძღვნა და ეძღვნება დღესაც. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მიხეილ თამარაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ბეჟან გიორგაძის, კარლო ალონსოს, ჯუანშერ ვათეიშვილის, ილია ტაბაღუას, გულნარა აკოფაშვილის, ელდარ მამისთვალაშვილის, მურმან  პაპაშვილის,ზურაბ გამეზარდაშვილის, გაგა შურღაიას და სხვათა გამოკვლევები.

ამასთან ერთად, არაერთი დოკუმენტი ჯერ კიდევ ელის დღის სინათლეს. მათი მოძიება, შესწავლა და მეცნიერულ წრებრუნვაში შემოტანას შეუძლია ნათელი მოჰფინოს საქართველოს ისტორიის დღემდე მრავალ ბუნდოვან საკითხს, მათ შორის, მე-XV-XVIII საუკუნეებში საქართველოს სამეფო სამთავროებისა და ეკლესიის, რომის პაპებისა და საქართველოსთან დასავლეთ ევროპის  სახელმწიფოთა პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობას, იმდროინდელ საქართველოში არსებულ რელიგიურ-კულტურულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ეთნიკურ მდგომარეობას.

სასიხარულოა, რომ თანამედროვე პირობებში შესაძლებელი გახდა იტალიის წიგნსაცავებით, მათ შორის, ვატიკანის ბიბლიოთეკით სარგებლობა. ამ თვალსაზრისით სხვადასხვა თაობის  ქართველი მეცნიერები იკვლევენ საკითხებს და ჩვენი ისტორიისათვის საინტერესო ფაქტებს.

უფროსი თაობის იმ მეცნიერთა შორის, ვისაც ადრე მოუწია ვატიკანის ბიბლიოთეკაში მუშაობა იყო გამოჩენილი ქართველი ელინისტი, პაპიროლოგი და მთარგმნელი, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სკოლის დამფუძნებელი, რეპრესიების მსხვერპლი  გრიგოლ ფილიმონისძე წერეთელი (1870-1939). მის უკვდავსაყოფად  ქართველმა ხალხმა მოგვიანებით მადლიერება  გამოხატა…

ხუთწლიანი პროექტი – იტალია-საქართველო (ისტორიულ-კულტურული ITALICA-GEORGICA) მიზნად ისახავს შექმნას მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ერთგვარი მატიანე. ვატიკანის, პალერმოს, მილანის, გენუას, ნეაპოლის და სხვა არქივებში დაცული საქართველოს ისტორიისთვის საინტერესო მასალების შესწავლას. ამასთან ერთად ძალისხმევას არ იშურებენ მეცნიერები, რათა რელიეფურად წარმოჩინდეს მომდევნო პერიოდის იტალიასთან მრავალმხრივი ურთიერთობები მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა  დარგებში თანამედროვეობის ჩათვლით.

ვატიკანში ოფიციალურ პირებთან ჯგუფის წევრების (პროფესორები გაგა შურღაია და პაატა ნაცვლიშვილი) შეხვედრებმა  შესაძლებელი გახადა სამომავლო თანამშრომლობა, ზოგიერთი საგულისხმო ხელნაწერის გაცნობა, მთელი რიგი ხელნაწერების ასლების დაკვეთა და სხვ. კვლევების შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, რომელიც სათანადო კანონით ახორციელებს საქართველოში მეცნიერული საქმიანობის კოორდინაციას, სხვა მიმართულებათა მსგავსად, ამ შემთხვევაშიც შეეცდება აკადემიურ დონეზე წარმოაჩინოს ეს მეტად მნიშვნელოვანი თემა“, – აღნიშნულია მოხსენებაში.