
ქართველი ეკონომისტი საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის სამსახურში
- მარტი 27, 2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ცნობილი ქართველი მეცნიერ ეკონომისტი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა 70 წლის გახდა. ის 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაგან 40-მდე მონოგრაფია, სახელმძღვანელო და წიგნია. ვლადიმერ პაპავას ნაშრომები ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ჩინურ, არაბულ, ჩეხურ, უკრაინულ და აზერბაიჯანულ ენებზეა გამოქვეყნებული საქართველოში, აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეასა და სხვ.
ლადო პაპავამ 1977 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით და ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა. საყურადღებოა, რომ, როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმი დაინგრა, ხოლო საბჭოთა კავშირი ცალკეულ სახელმწიფოებად დაიშალა, დღის წესრიგში დადგა მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლა. პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომისტებს შორის საბაზრო რეფორმების გასატარებლად ყველაზე უფრო მომზადებული სწორედ ეკონომისტ-მათემატიკოსები აღმოჩნდნენ, რადგანაც ისინი კვლევებში სწორედ დასავლეთში შექმნილ ეკონომიკურ-მათემატიკურ მოდელებს იყენებდნენ. ვლადიმერ პაპავას საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები დაფუძვნებული იყო ეთნიკურად რუსი, ამერიკელი ეკნომისტის, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის ვასილი ლეონტიევის ,,დანახარჯები-გამოშვების მათემატიკურ მოდელებზე”, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ,,დარგთაშორისი ბალანსის მოდელების” სახელით იყო ცნობილი.
ამ მოდელების შესწავლის საფუძველზე ვლადიმერ პაპავამ „ნაწილობრივ პროდუქტიული მატრიცის“ ცნება შემოიღო, რაზე დაყრდნობითაც დანახარჯი-გამოშვების გაფართოებულ და დინამიკურ მოდელთა პროდუქტიულობის აუცილებელი და საკმარისი პირობები განისაზღვრა.
აკად. ვლადიმერ პაპავას სამეცნიერო კვლევის შედეგები მრავალფეროვანია. მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო მიღწევად უნდა ჩაითვალოს იმის დასაბუთება, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი წარმოების დამოუკიდებელი ფაქტორი, ხოლო ირიბი გადასახადები მისი შესაბამისი ფაქტორული შემოსავალია. ნიშანდობლივია, რომ ქართველი მეცნიერის ეს შედეგი ალან გრიფიტსის და სტუარტ ვოლის რედაქციით გამოშვებულ „გამოყენებითი ეკონომკის” ცნობილ ბრიტანულ სახელმძღვანელოს არაერთ გამოცემაში იქნა შესაბამისად ასახული. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ვლადიმერ პაპავამ, პირველმა ქართველ ეკონომისტთა შორის, საერთაშორისოდ აღიარებული წვლილი შეიტანა ეკონომიკური მეცნიერების თეორიული საფუძვლების განვითარებაში.
ყველაზე მეტი საერთაშორისო აღიარება კი აკად. ვლადიმერ პაპავას მის მიერ შექმნილმა „ნეკროეკონომიკის“ თეორიამ მოუტანა. ეს თეორია პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომიის საფუძველს ქმნის. ნეკროეკონომიკა, თავისი არსით, აბსოლუტურად მოძველებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული „მკვდარი“ საწარმოებია და მიუხედავად იმისა, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა არ არსებობს, მაინც სახელმწიფოს დახმარებით აგრძელებენ ფუნქციონირებას. 2008 წელს, აშშ-ში 2005 წელს გამოცემული მონოგრაფიისათვის „ნეკროეკონომიკა” ლადო პაპავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა. ნეკროეკონომიკის შესახებ პირველი ინგლისურენოვანი პუბლიკაცია საქართველოში 2001 წელს გამოვიდა, ხოლო 2002 წელს კი უკვე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ ჟურნალში დაიბეჭდა. საყურადღებოა, რომ ამერიკელმა ეკონომისტმა უორენ მონტაგმა, ისე, რომ არ მიუთითა ბ-ნი ლადოს ხსენებული პუბლიკაციები, ტერმინი „ნეკროეკონომიკა“ სულ სხვა შინაარსობრივი დატვირთვით გამოიყენა. შოტლანდიური წარმომავლობის ცნობილმა ამერიკელმა პროფ. პატრიკ სკოტმა 2016 წელს მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოაქვეყნა ამ პრობლემისადმი მიძღვნილი სტატია, სადაც უორენ მონტაგი სამეცნიერო ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა და ტერმინ „ნეკროეკონომიკის“ შექმნაში ვლადიმერ პაპავას პრიორიტეტულობა აღიარა.
ვლადიმერ პაპავა, ადამიანისეული ფაქტორის როლს ეკონომიკაში, თავის კვლევლევებში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მან შემოიღო და დაასაბუთა ეკონომიკაში მოქმედი ადამიანის ახალი ტიპები: „ჰომო ტრანსფორმატიკუსი“ და „ზომბი ეკონომიკუსი“, რომელთაგან პირველი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ეკონომიკის, ხოლო მეორე ზომბი-ეკონომიკის მთავარი შემოქმედია.
ზომბი-ეკონომიკა XX საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში იაპონიაში ჩაისახა. შესაბამისი თეორია გაკოტრებული ფირმების ბაზარზე ხელოვნურად შენარჩუნების ფენომენს აღწერს. ეს ფენომენი 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაზე გავრცელდა. აკად. ლადო პაპავამ განავითარა ეკონომიკის „ზომბირების თეორია“, რითაც ერთმანეთისგან გამიჯნა ორთოდოქსული და ჰეტეროდოქსული ზომბი-ეკონომიკა, რომელთაგან პირველი არსებობს მთავრობის მიერ გაცემული ფინანსური გარანტიების, ხოლო მეორე დაბალი საბანკო საპროცენტო განაკვეთის ხარჯზე.
განასკუთრებული აღნიშვნის ღირსია აკად. ვლადიმერ პაპავას მიერ ჩამოყალიბებული „რეტროეკონომიკის” თეორია, რომლის თანახმადაც ეკონომიკაში მოწინავე ტექნოლოგიებთან ერთად გლობალურად გამოიყენება შედარებით მოძველებული, მორალურად გაცვეთილი ტექნოლოგიები, რომლის ხვედრი წილი განვითარებად ქვეყნებში ბევრად მეტია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. კრიზისულ პერიოდში კი არის საფრთხე, რომ რეტროეკონომიკა ნეკროეკონომიკაში გადაიზარდოს.
აკად. ვლადიმერ პაპავა საბაზრო თანასწორობის დოქტრინის ავტორია, რომლის თანახმადაც საბაზრო თანასწორობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი ბაზრის, ანუ სრულყოფილი კონკურენციის პირობებში. იმის გათვალისიწნებით, რომ თავისუფალი ბაზარი მხოლოდ და მხოლოდ თეორიული კონსტრუქციაა, ამიტომ საბაზრო თანასწორობაც მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი.
თავის ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფესთან, აწ განსვენებულ პროფ. ნოდარ ხადურთან ერთად ლადო პაპავამ ჩამოაყალიბა ე.წ. „ჩრდილოვანი პოლიტეკონომიის“ საფუძვლები, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის ფუნქციონირებაში ინსტუტუციური რეფორმების მნიშვნელობას და ზეგავლენას შეისწავლის.
აკად. ვლადიმერ პაპავამ შეძლო ლაფერის ეფექტის ამსახველი ახალი მრუდების აგება, რომლებიც დროით ფაქტორს ითვალისწინებენ და, რომლებიც, პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნების ეკონომიკას შეესაბამება. მან საფუძველი ჩაუყარა ლაფერ-კენზიანური სინთეზის თეორიას, რომელიც, მოგვიანებით, პროფ. იური ანანიაშვილთან ერთად განავითარა, რის საფუძველზეც საგადასახადო ტვირთის ცვლილების ეფექტები ერთდროულად, როგორც აგრეგირებულ მიწოდებაზე, ისე აგრეგირებულ მოთხოვნაზეა შესწავლილი. ქართველი ეკონომისტების ეს მეცნიერული შედეგი 2016 წელს მოსკოვში (რუსეთი) გამოცემულ „დაბეგვრის თეორიული საფუძვლების ენციკლოპედიაშია“ შესული.
აკად. ლადო პაპავამ შეიმუშავა „გადასახადების გარეშე ფუნქციონირებადი ეკონომიკის“ მოდელი. ამ და ლაფერის ეფექტის ამსახველი ახალი მრუდების აგებისათვის ქართველ ეკონომისტთა ჯგუფთან ერთად 2004 წელს ნაშრომთა ციკლისათვის „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“ მას მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ვლადიმერ პაპავას მიერ შექმნილი საგადასახადო კორუფციის ინდექსების საშუალებით შესაძლებელია საგადასახადო სამსახურში გაზომილი იქნეს კორუფციის დონე.
საყურადღებოა, რომ აკად. ლადო პაპავამ ეკონომიკური ზრდის ისეთი მაჩვენებლები ააგო, რომლებიც მკვეთრი ზრდის ეფექტს გამორიცხავენ. შედეგად, კაპიტალის კლებადი უკუგების კანონზომიერებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის მოდიფიცირებული მაჩვენებლების სივრცობრივი შედარება გახდა შესაძლებელი.
თავის გამორჩეულ მოწაფესთან, პროფ. ვახტანგ ჭარაიასთან ერთად აკად. ვლადიმერ პაპავამ შექმნა ინფლაციის მოდიფიცირებული მაჩვენებლები, რომლებიც საკმაო სიზუსტით აღწერენ ფასების ცვლილების დონეებს განსხვავებული კომბინაციით ფორმირებული სამომხმარებლო კალათების პირობებში. ამ მაჩვენებლების საფუძველზე მათ მიერ შეიქმნა ინფლაციის კომპლექსური თარგეთირების მექანიზმი, რომლის გამოყენებაც, უწინარეს ყოვლისა, იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვისაა მიზანშეწონილი.
მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის კონტექსტში აკად. ვლადიმერ პაპავამ ე.წ. „სანქციონომიკის“ თეორიული საფუძვლები ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიცაა ეკონომიკური სანქციების უარყოფითი და დადებითი გარე ეფექტების შესწავლა. მან აჩვენა, რომ ჰიპერგლობალიზაცია პანდემიის პირობებში შეცვალა ტურბულენტურმა გლობალიზაციამ, ხოლო მას შემდეგ რაც რუსთმა 2022 წელს ომი დაიწყო უკრაინაში, კონფრონტაციული გლობალიზაცია ჩამოყალიბდა. იგი თვლის, რომ მომავალში გაბატონდება გლობალიზაციის იმგვარი მოდელი, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებას დაეფუძნება.
აკად. ვლადიმერ პაპავასთვის განსაკუთრებულ სამეცნიერო ინტერესს საქართველოს ეკონომიკის კვლევა წარმოადგენს. ამ თემაზე გამოქვეყნებული მისი წიგნები და სტატიები დიდადაა პოპულარული იმ უცხოელი სპეციალისტებისთვის, რომლებიც პოსტკომუნისტური საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შესწავლით არიან დაინტერესებულნი. ლადო პაპავა მკაფიოდ აყალიბებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს საქართველოს მიზანი. საქართველოსთვის მიზანი უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და განვითარება, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების გზა კი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ამ მიზნის მიღწევის საშუალება. როცა საქართველო სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ ჩამყალიბდება, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ (იმ დროისთვის ევროკავშირის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით) ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას უნდა დაემყაროს.
აუცილებელ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ აკად. ვლადიმერ პაპავას სამეცნიერო ინტერესები მარტო ეკონომიკური მეცნიერებით არ შემოიფარგლება. კერძოდ, მისი კვლევის ინტერესების სფეროშია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პრობლემები.
ელდარ ისმაილოვთან ერთად ვლადიმერ პაპავამ „ცენტრალური კავკასიის“ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონცეფცია განავითარა, რომლის თანახმადაც ცენტრალურ კავკასიას ქმნის სამი სახელმწიფო: აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი, ხოლო სამხრეთ კავკასია კი აერთიანებს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და ირანის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებს, რომელთაგან პირველი ქართველებით, ხოლო მეორე აზერბაიჯანელებითაა დასახლებული.
აკად. ლადო პაპავამ „ცენტრალური კავკაზიის“ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თეორია შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ცენტრალური კავკაზიის რეგიონს ქმნიან ცენტრალური აზიის და ცენტრალური კავკასიის ქვეყნები, და რომლებიც არაიმპერიული ინტერესების კონტექსტში უნდა იქნენ განხილულნი.
პროფ. მიხეილ თოქმაზიშვილთან ერთად ვლადიმერ პაპავამ ჩამოაყალიბა „მილსადენების ჰარმონიზაციის“ თეორია, რომლის თანახმადაც მილსადენების ალტერნატიულობის ნაცვლად უპირატესობა მათ ურთიერთშემავსებლობას უნდა მიენიჭოს. ამგვარი მიდგომა დაინტერესებულ მხარეთა შორის კონფრონტაციულობის დონეს ამცირებს.
2012 წელს ვლადიმერ პაპავას შესახებ დიდ ბრიტანეთსა და მავრიკიაში გამოიცა საცნობარო-ენციკლოპედიური ხასიათის ორი წიგნი.
აკად. ვლადიმერ პაპავა საქართველოში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, პოლონეთში, უკრაინასა და სინგაპურში გამომავალი სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრია. ის არის საქართველოს და უცხოეთის რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და სხვადასხვა საერთაშორისო აკადემიების, ასოციაციების და სამეცნიერო საზოგადოებების წევრი.
არაერთი წელია, რაც აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა თავის მეცნიერულ გამოცდილებას წარმატებით უზიარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს.
ცალკე უნდა აღინიშნოს აკად. ლადო პაპავას, როგორც ეკონომისტის პრაქტიკული საქმიანობა. კერძოდ, 1994-2000 წლებში ის საქართველოს მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იმ სამთავრობო ეკონომიკური გუნდის, რომლის წევრიც ბ-ნი ლადო იყო, დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ქვეყნის ჰიპერინფლაციური სპირალიდან გამოყვანა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფულის წარმატებული რეფორმის განხორციელება, რომლის შედეგადაც 1995 წლის შემოდგომაზე შემოღებული იქნა ეროვნული ვალუტა – ლარი, რომელსაც მალე 30 წელი შეუსრულდება.
2004-2008 წლებში ბ-ნი ლადო საქართველოს პარლამენტის მეექვსე მოწვევის წევრი იყო.
2013-2016 წლებში აკად. ვლადიმერ პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. ამ პერიოდში უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება.
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრს ვლადიმერ პაპავას 1995 წელს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაზე აქვს ხელი მოწერილი.
35 წელზე მეტია, რაც ბ-ნი ლადო სხვადასხვა მედია საშუალებით აქტიურად უზიარებს თავის პროფესიულ, თუ მოქალაქეობრივ პოზიციებს ქართულ საზოგადოებას.
ვულოცავთ ბ-ნ ლადოს საიუბილეო თარიღს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ახალ წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობასა და ქვეყნის აღმშენებლობაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია