მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ მუზეუმში
- მაისი 5, 2026
მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტი შემეცნებითი და შთამაგონებელი აღმოჩნდა, რადგან სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ ქართული მეცნიერების მრავალწლიან ისტორიასა და მის გამორჩეულ წარმომადგენლებს.
სტუმრებს მუზეუმის შექმნის ისტორიისა და მისი კონცეფციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მუზეუმის დაარსებასა და განვითარებაში. მან მოსწავლეებს გააცნო მუზეუმის მისია, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვას, გაცოცხლებასა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი გაიხსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
მოსწავლეებს მასპინძლობა აგრეთვე გაუწია აკადემიკოსმა გია ჯაფარიძემ, რომელმაც საინტერესოდ და ცოცხლად გააცნო აკადემიის პრეზიდენტების ღვაწლი, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მათემატიკის დარგში მოღვაწე მეცნიერებზე და მათ მიღწევებზე.
ბავშვებმა ასევე მოინახულეს აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის კაბინეტი, სადაც მათ აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა და პროფესორმა რუსუდან ლაბაძემ ჩაუტარეს შემეცნებითი ტური.
მუზეუმი წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც თავმოყრილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორია მისი დაარსებიდან დღემდე. ექსპოზიციაში წარმოდგენილია აკადემიის პრეზიდენტები, სამეცნიერო განყოფილებები და კვლევითი ინსტიტუტები, მრავალფეროვანი ფოტოარქივი და სამახსოვრო ექსპონატები. აქვე განთავსებულია ქართული ენციკლოპედიისა და რუსთაველის კომიტეტის მასალები, რაც მუზეუმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ეროვნული სამეცნიერო მეხსიერების ცენტრს.
მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობაში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებაში და მათთვის ეროვნული ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებაში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმი კვლავაც განაგრძობს საგანმანათლებლო და შემეცნებითი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა მეცნიერება გახდეს უფრო ახლობელი და ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა ფენისთვის.









