
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- აპრილი 17, 2025
2025 წლის 16 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა გეოლოგია- მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი მიქაძის მოხსენება: ,,ალტერნატიული ენერგოსისტემების ათვისების პერსპექტივები მსოფლიოსა და საქართველოში’’.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები რეკომენდაციებს იძლევიან, ათვისებულ იქნას ბუნებრივი, არატრადიციული, განახლებადი რესურსები, რათა შემცირდეს ორგანული სათბობის მოხმარება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, წყლის ენერგეტიკისა და ალტერნატიული ენერგოსისტემების (მზის, ქარის, გეოთერმული ენერგიის და ზღვის ტალღების) ობიექტების მშენებლობა, რომლებიც გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით, მაღალი საიმედოობითა და ეკონომიკური ეფექტიანობით.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) პროგნოზებზე, ევროკავშირის ქვეყნებში ალტერნატიული ენერგოსისტემების გამოყენებასა და საქართველოში მისი განვითარების პერსპექტივებზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის პირობებში მომგებიანია მზის, ქარისა და გეოთერმული ენერგიის გამოყენება და ცხელწყალსამრეწველო ბაზის შექმნა. საქართველოს ახალი ენერგოპოლიტიკის თანახმად, 2030 წლისთვის, ქვეყნის ენერგიის 35% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, რაც დროთა განმავლობაში ქვეყანას ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სტაბილურობას მოუტანს.
სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით მიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, თინათინ სადუნიშვილი, თამაზ შილაკაძე, ცენტრის წევრები, პროფესორები, დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები.
მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მომხსენებელმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.