აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე – 95

აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე – 95

  • ნოემბერი 1, 2025

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის და ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს სახელმწიფო და ჰუმბოლდტის პრემიების ლაურეატის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილე. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, შემდეგ სიტყვა მოხსენებისთვის გადაეცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს,  დოქტორ ზურაბ მახარაძეს. გამომსვლელთა შორის იყვნენ ასევე: პროფესორი გივი ღამბაშიძე, ნინო კალანდაძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები – ზაზა სხირტლაძე, ელდარ ნადირაძე  და სხვ.

შთამბეჭდავი იყო მის მიერ გავლილი სამეცნიერო, საველე არქეოლოგიური, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის გზა.

1957 წელს ოთარ ლორთქიფანიძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა მცხეთაში ახ.წ. I-III საუკუნეებში”; 1960 წელს ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნო­გრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლად ჩაირიცხა; აქვე, 1966 წელს დაიცვა მან სადოქტორო დისერტაცია – „ანტიკური სამყარო და ძველი საქართველო“, ხოლო 1972 წელს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა; 1967 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

მისი სამეცნიერო გზის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო 1977 წლიდან, როდესაც მან ჩამოაყალიბა არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელი იყო იგი სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

70-იან წლებში ქართულ არქეოლოგიაში ბევრი ნიჭიერი  და ამბიციური მეცნიერი მოღვაწეობდა, მაგრამ ბატონი ოთარი ყველას მიერ აღიარებული ლიდერი იყო და დარჩა ბოლომდე.

არქეოლოგიის ცენტრის ექსპედიციები ახორციელებდნენ არქეოლოგიური ძეგლების საველე არქეოლოგიურ კვლევას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აღმოჩენილი და შესწავლილია პალეოლითიდან – გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით მრავალი არქეოლოგიური ძეგლი: სამოსახლოები, საფორტიფიკაციო და საკულტო ნაგებობები, სამაროვნები, მეტალურგიული და კერამიკული წარმოების კერები, ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.

უაღრესად ნაყოფიერი და მრავალმხრივი იყო ოთარ ლორთქიფანიძის სამეცნიერო მოღვაწეობა. მას გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი, დაბეჭდილი როგორც ჩვენში, ასევე საზღვარგარეთ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, შვეიცარია, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, რუსეთი, სირია): 20-ზე მეტი მონოგრაფია, 160-ზე მეტი სტატია, გათხრების ყოველწლიური ანგარიშები, მრავალი თეზისი, საენციკლოპედიო სტატიები, სახელმძღვანელოები, რეცენზიები, წინასიტყვაობები. არ დარჩენილა ძველი საქართველოსა და ანტიკური სამყაროს ისტორიისა და არქეოლოგიის არცერთი კარდინალური საკითხი, რომელსაც მისი კალამი არ შეეხო, იქნება ეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ქართული სახელმწიფოებრიობის და ცივილიზაციის გენეზისი, ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ბერძნული კოლონიზაცია, კოლხეთისა და იბერიის ურთიერთობა ანტიკურ სამყაროსთან, “ელინიზმისა” და “ელინისტური კულტურის” დეფინიციის პრობლემები, “აბრეშუმის გზის” ისტო­რიული წანამძღვარი, ძველი კოლხეთის ქრისტიანობამდელი რელიგია, თუ მრავალი სხვა.

ფრიად ნაყოფიერი იყო ბატონი ოთარის საგამომცემლო საქმიანობაც. მისი რედაქტორობით გამოვიდა კრებულები – “ვანი, არქეოლოგიური გათხრები” (9 ტომი), “საქართველოს არქეოლოგიის საკითხები” (3 კრებული), შავიზღვისპირეთისა და იბერიის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმების მასალები (11 კრებული), საქართველოს არქეოლოგიის მრავალტომეული (2 ტომი), არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში (17 კრებული), ჟურნალი “ძიებანი” (10 ნომერი).

ოთარ ლორთქიფანიძის სამეცნიერო მოღვაწეობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა საველე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. არქეოლოგიური ნათლობა მან მცხეთაში მიიღო, შემდეგ კი მონაწილეობდა ხოვლეს, ვანის, ბიჭვინტის, სოხუმის, ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, აგრეთვე მირმეკიონისა და ილურატის (ყირიმი) გათხრებში. 1966 წლიდან კი მისი საველე არქეოლოგიური საქმიანობა დაუკავშირდა ვანსა და მის სიძველეებს, რომელთა ბრწყინვალე აღმოჩენებმა საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ არქეოლოგიას.

ბატონი ოთარი არაჩვეულებრივი ორგა­ნიზატორულ-ადმინისტრაციული უნარით დაჯილდოებული ადამიანი იყო. მან დააარსა საქართველოში უდიდესი, მაღალ სამეცნიერო დონეზე ორგანიზებული, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. დიდია მისი წვლილი ფოთის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიური გამოფენის მოწყობაშიც.

საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის განვითარებაში შეტანილმა უდიდესმა წვლილმა აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა არა მარტო ჩვენში, არამედ საზღვარგარეთაც.

მამულიშვილობა, მაღალზნეობრიობა, პასუხისმგებლობის გამახვილებული გრძნობა, არაჩვეუ­ლებრივი გულისხმიერება და სიკეთე, სხარტი იუმორი ბატონ ოთარს განუმეორებელ ადამიანურ ხიბლს ანიჭებდა. იგი უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა არა მხოლოდ მეგობრების, მოწაფეებისა და კოლეგების წრეში, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებაში.

ღონისძიების ბოლოს სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ ბატონი ოთარის მეუღლე, ქალბატონი რუსუდანი და შვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

სხდომის მსვლელობისას ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ბატონ ოთარ ლორთქიფანიძის შესახებ.