აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

  • აპრილი 24, 2026

2026 წლის 16 აპრილს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრისა და უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის ერთობლივი ღია სხდომა, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის მიერ, აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის – გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები – განხილვას.

ერთობლივი სხდომა გახსნა და უძღვებოდა  წიგნის რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის  მიმართულების ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

სხდომის მონაწილეებს მიესალმა  წიგნის რედაქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

წიგნი წარადგინა  ავტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალურმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა ათეული წლების მანძილზე მის მიერ შექმნილ გამოუქვეყნებელ და დაუნერგავ ბიოორგანულ ტექნოლოგიებზე, მათ საერთაშორისო მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაში გამოყენებისა და  დანერგვის პოტენციალზე.

წიგნში აღნიშნულია, რომ აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ხელმძღვანელობით: მიღებულია სამრეწველო მნიშვნელობის მქონე აქტიური შტამები, სტაბილური გენეტიკური მახასიათებლებით, მათ შორის, მუტანტები, ფუზანტები და ტრანსფორმანტები; გამოვლენილია ფერმენტების მაღალი აქტივობის მწარმოებელი შტამები; შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების მიკრობული კონსორციუმები, რომლებიც აქტიურად ახდენენ ქსენობიოტიკების ტრანსფორმაციას ან მინერალიზაციას უჯრედული დონის მეტაბოლიტებამდე; მიმდინარეობს ახალი პრობიოტიკური რძემჟავა ბაქტერიების სელექცია და შესწავლა; მიღებულია პრობიოტიკებით გამდიდრებული ხილის წვენები; ხდება ცხოველის საკვების პრობიოტიკური ნაერთებით გამდიდრება.

წიგნი წარმოადგენს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის, არა მხოლოდ  ანგარიშს ჩატარებული სამეცნიერო სამუშაობის შესახებ, არამედ მკაფიო ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას თავისი უნიკალური ბუნებრივი რესურსებისა და მეცნიერული პოტენციალის გამოყენებით, შექმნას მაღალი დამატებითი ღირებულების, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები, რომელიც:

  • აძლიერებს ქვეყნის მდგრად განვითარებას- ნარჩენების გადამუშავებით, ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებით;
  • ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას – ბიორემედიაციის, ნარჩენების ტრანსფორმაციისა და ქიმიკატების ნაცვლად ბიოლოგიური აგენტების გამოყენების გზით;
  • ინარჩუნებს ეკოლოგიურ ბალანსს– ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და მის მდგრად გამოყენებას;
  • ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს– ჯანსაღი საკვების, ბიოსასუქების, ფერმენტებისა და სხვა ბიოპროდუქტების წარმოების გზით, როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრებისთვის.

ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ:  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, პროფესორი ზვიად გაბისონია; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა; წიგნის რედაქტორი, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე; აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე; აკადემიის წევრ-კორესპონდენტი კობა ამირხანაშვილი; აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე; აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი.

გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის, როგორც მეცნიერის და მეცნიერების ორგანიზატორის მოღვაწეობას, რომელიც ათეული წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ამასთანავე ავტორია საერთაშორისო დონეზე აღიარებული  სამეცნიერო შრომების, ხოლო მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები დადასტურებულია ათეულობით საერთაშორისო და ეროვნული პატენტით. აღნიშნული ტექნოლოგიები წარმატებით არის დანერგილი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე  საზღვარგარეთ – ესპანეთში, გერმანიაში, ლატვიასა და ჩინეთში. რაც მიუთითებს ამ ტექნოლოგიების მაღალ კონკურენტუნარიანობაზე, ადაპტირებადობასა და პრაქტიკურ ღირებულებაზე სხვადასხვა ეკონომიკურ და კლიმატურ პირობებში.

სხდომის საჯარო ფორმატის გამო, ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები – საუნივერსიტეტო საზოგადოების, სამინისტროებისა და უწყებათა წარმომადგენლები. მონაწილეთა ინიციატივით, სხდომამ რეკომენდაცია შეიმუშავა რომელიც ითვალისწინებს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის მოხსენების – ბიოორგანული ტექნოლოგიები საქართველოს განვითარებისთვის –  მოსმენას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების სხდომებზე.