რევაზ ინანიშვილი – 100
- ივნისი 5, 2026
მიმდინარე წლის 3 ივნისს, მწერალთა კავშირისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე.
ღონისძიებას უძღვებოდნენ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რევაზ მიშველაძე; სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: მწერალი მაკა ჯოხაძე, კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მერაბ კოკოჩაშვილი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი, მსახიობი ვანო იანტბელიძე, მწერალი ბაღათერ არაბული, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესო ღვინიაშვილი, რევაზ ინანიშვილის შვილიშვილები და სხვ. მსახიობმა ელდინო საღარაძემ წაიკითხა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა – „ქართველი ქალი“. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, გამოიცა კრებული – რევაზ ინანიშვილი -100, სადაც თავმოყრილია რჩეული მოთხრობები, კრიტიკოსთა მოსაზრებები და მწერალ მაკა ჯოხაძის წინასიტყვაობა. ღონისძიების მსვლელობისას, რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ: მაკა ჯოხაძე, თამარ შაიშმელაშვილი, ზაალ ბოტკოველი და აზა ბასლანძე. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „რევაზ ინანიშვილი“. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „გარეჯი“.
„დღეს დიდი მოვლენაა საქართველოში, იმიტომ, რომ აღვნიშნავთ დიდი ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის იუბილეს. მის სულს მოეფერა მთელი საქართველო, მეცნიერებათა აკადემია, ცნობილი ადამიანები. ზოგჯერ მეშინია, რომ არ დადგეს ისეთი ეპოქა, რომ ჩვენმა შვილებმა წაიკითხონ რეზო ინანიშვილი და თვალზე ცრემლი არ მოადგეთ და ბურთი ყელში არ გაეჩხიროთ, მაგრამ, რადგან დღეს ამდენი ახალგაზრდა იყო დარბაზში, რადგან დღეს ამდენი ქართველი ეფერებოდა რევაზ ინანიშვილის სულს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა უკვდავია“ – აღნიშნა ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა.
„100 წელი შესრულდა კლასიკოსი მწერლის, რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან. ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე. ის იყო ცოცხალი კლასიკოსი და ის არის საერთო-სახალხო და პოპულარული ავტორი. ახალგაზრდებმა კარგად იციან მისი შემოქმედება და დარწმუნებული ვარ მომავალი თაობა მის ნაწარმოებებზე იქნება აღზრდილი“ – განაცხადა აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა.
საიუბილეო ღონისძიებამ, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რევაზ ინანიშვილის განსაკუთრებული ადგილი ქართულ მწერლობაში. დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო დიდი მოღვაწის ნათელ ხსოვნას და მის უმდიდრეს შემოქმედებით მემკვიდრეობას, რომელიც ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და რომელიც ღირსეულად აგრძელებს სიცოცხლეს.























