ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივნისი 3, 2026

მიმდინარე წლის 29 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „თბილისის აფხაზი გუბერნატორი: გიორგი შერვაშიძე“, გამოვიდა მისი შორეული ნათესავი, ფილოსოფოსი ასმათ შერვაშიძე. მომხსენებელმა აღწერა გიორგი შერვაშიძის ცხოვრების ძირითადი მომენტები.

გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე დაიბადა 1848 წლის 6 იანვარს კელასურში. მისი მშობლები იყვნენ სეიდ-ბეი შერვაშიძე და ეკატერინე (პუპი) დადიანი. პატარა გიორგის დედა ადრე გარდაეცვალა. სეიდ-ბეიმ პუპი დადიანის გარდაცვალების შემდეგ ბავშვი აღსაზრდელად კოლიუბაკინების კეთილშობილ ოჯახს ჩააბარა. ისინი ბავშვს არ აკლებდნენ სითბოს და ყურადღებას, მისცეს ბრწყინვალე განათლება.

10 წლის გიორგი (1858) პეტერბურგის პანსიონატში მიაბარეს, შემდეგ დედობილმა ალექსანდრა კრიჟანოვსკაიამ ევროპაში წაიყვანა სწავლის გასაგრძელებლად.  პეტერბურგის უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი  წარჩინებით დაასრულა და თბილისში ჩავიდა. იქ დაუხლოვდა მოწინავე ახალგზარდებს და მალევე დაუმეგობრდა მათ. განსაკუთრებული მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძესთან. ამის შემდგომ, იგი ხდება ჯერ ტიტულარული მრჩეველი, შემდეგ კი, თბილისის ვიცე-გუბერნატორი, 1889 წელს კი გუბერნატორი. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში მამაცურად იბრძოდა. 22 წლის ასაკში გაიცნო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (მაკა) ნიკოლაი და დაქორწინდა მასზე. გიორგი ძიძარია მოკლედ ჩამოთვლის მის მცირე თუ დიდ საქმეებს გუბერნატორობის დროს შესრულებულს: გიორგი შერვაშიძემ დიდი წვლილი შეიტანა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ქართული ღვინის გატანით, ასევე გაატარა საგანმანათლებლო რეფრომები, ააგო სკოლები, ხიდები, გზები, რკინიგზა, გააკეთა წყალგაყვანილობა თბილისში, სოფლის სკოლებში სწავლის დონე აამაღლა.

1905 წელს გიორგი შერვაშიძე ხდება რუსეთის იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას კანცელარიის უფროსი, რაც მას უფრო უხსნის ხელს მეტად დაეხმაროს თავის.

გიორგი შერვაშიძე 1918 წლის 26 მარტს იალტაში გარდაიცვალა, საქართველოსა და აზხაზეთის დიდებული შვილი, მოამაგე, მზრუნველი, განათლებული, სამშობლოს ჭკვიანი გზების მძებნელი სამშობლოსათვის.